ს∴დ∴ხ∴ს∴

T∴T∴G∴O∴ G∴A∴O∴T∴U∴

ინტერვიუ არჩეულ დიადი ოსტატის კანდიდატთან – პერსპექტივები

„საქართველოს დიადი ლოჟა – პერსპექტივები“

2021 წლის მარტში, საქართველოს დიადმა ლოჟამ ჩაატარა საერთო კრება და აღნიშნა დაფუძნებიდან 6 წლის იუბილე. კრების დელეგატებმა მოისმინეს გასული წლის ანგარიშები და განიხლეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის 2022 წლის დიადი ლოჟის ასამბლეაზე წარსადგენად აარჩეულ იქნა ახალი დიადი ოსტატის კანდიდატურა, ფრიად ღირსეული ძმა გიორგი პ∴. სწორედ ფრიად ღირსეული ძმა პასუხობს ჩვენს შეკითხვებს.

რა გაკეთდა ბოლო 6 წლის განმავლობაში?

უპირველეს ყოვლისა, მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს დიადი ლოჟის დიად ოფიცერთა საბჭოს ჩემი დასახელებისთვის დიადი ოსტატის კანდიდატად. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კრების დელეგატებმაც და საბოლოოდ ჩემი კანდიდატურა კენჭისყრაზე დადგება საქართველოს დიადი ლოჟის ეროვნული ასამბლეის დელეგატთა წინაშე 2022 წელს. არჩევის შემთხვევაში 2022 – 2025 წლები მზად ვარ ჩემი ენერგია და შესაძლებლობები სრულად ჩავდო მასონური ორდენის დამატებით განვითარებაში, შეიძლება ითქვას – გაკრვეულ ტრანსფორმაციაში.

ჩემთვის დიდი პატივია და ბედნიერი ვარ, დღეს მოგილოცოთ, საქართველოში ერთადერთი ლეგიტიმური და რეგულარული მასონური გაერთიანების – საქართველოს დიადი ლოჟის 6 წლის იუბილე! კარგად მახსოვს, თუ როგორ დავიწყეთ მსოფლიოს სხვადასხვა მასონურ იურისდიქციაში გაწევრიანებულმა ქართველმა მასონებმა პირველად საქართველოს ისტორიაში სუვერენული მასონური გაერთიანების, დიადი ლოჟის დაფუძნების ეროვნული ინიციატივა. პირველ ეტაპზე, რომელმაც 6 წელი გასტანა, გავხსენით მასონური კლუბი, გავაერთიანეთ ქართველი მასონები ერთიანი სულისკვეთებით და საბოლოოდ 2015 წლის 14 მარტს დაფუძნდა უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა (მასონთა) ორდენი – საქართველოს დიადი ლოჟა. დაფუძნებამდე გზა არ იყო მოფენილი ია – ვარდით, უამრავი დაბრკოლება, ხელისშემშლელი ფაქტორი, მოწინააღმდეგე, სისუსტე, ვნებები, ღალატიც კი გავიარეთ. ქარტეხილმა მხოლოდ გააერთიანა და გააძლიერა ჩვენი გუნდი, რომელიც ძმური სიყვარულით და ჰარმონიით გაერთიანებულია ერთ მტკიცე ოჯახში. 2015 წლიდან მოყოლებული გავიარეთ განვითარების რამდენიმე ეტაპი, დიადი ლოჟის დაფუძნების შედეგაც იყო მრავალი სირთულე, იმედგაცრუება, ტკივილი და დაბრკოლება, მაგრამ საერთო მოშურნეობამ, შრომამ, მოტივაციამ, მონდომებამ და მიზანდასახულობამ, ისევე, როგორც ურთიერთ ერთგულებამ, მასონური ტრადიციებისა და ჩვეულებების განუხრელმა პატივისცემამ და დაცვამ, მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე. თუ რა გაკეთდა ამ წლების განმავლობაში თქვენთვის კარგად არის ცნობილი, აქ უბრალოდ ვახსენებ რამდენიმე მთავარ მიღწევას და მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ძმას ვინც საქართველოს დიადი ლოჟის მდგრად განვითარებას შეუწყო ხელი.

საქართველოს დიად ლოჟაში დღეის მდგომარეობით 7 სიმბოლური ღირსეული ლოჟა შედის, რომელთა უმეტესობა უძველეს და მიღებულ შოტლანდიური წესდების პირველ სამ სიმბოლურ ხარისხში მუშაობს, ასევე, შარშან, ქ. თბილისის აღმოსავლეთით დაფუძნდა ფრანგული წესდების პირველი სამი სიმბოლური ხარისხით მომუშავე ლოჟაც, რაც მომავალში გვაძლევს საშუალებას, საქართველოში ვიხილოთ ამ წესდების ზედა ხარისხებიც. რაც ეხება უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებას, თქვენ იცით, რომ ქ. თბილისში დაფუძნდა სრულყოფილების ლოჟა (4-14 ხარისხებში მომუშავე) „პრომეთე“ P245, რომელიც იყო პირველი მერცხალი ზედა საფეხურების სისტემის განვითარებაში საქართველოში. მალე, საქართველოში ვიხილავთ სუვერენულ კაპიტულსაც (15-18 ხარისხები). მეამაყება, რომ წინა დიად ოსტატთან ერთად, ყოვლად ღირსეულ ძმა ირაკლი მ∴ ერთად ვიყავი ამ ისტორიული პროცესის დაწყების ინიციატორი რამდენიმე წლის წინ. მადლობა ძმა ირაკლის! დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წლისთვის საქართველოში ჯერ არეოპაგი (19-30 ხარისხების ლოჟა), ხოლო შემდგომ უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების საქართველოს სუვერენული უმაღლესი საბჭო დაფუძნდება და საქართველო მიიღებს მონაწილეობას ოცდა მეცამეტე და ბოლოს ხარისხის უმაღლესი საბჭოების მსოფლიო კონვენტში და გაწევრიანდება საერთაშორისო ოჯახში.

დიდი მნიშვნელობის არის საქართველოს, ქართველი ძმების ინტეგრაცია ინგლისის როზენკროიცერთა საზოგადოებაში, რომლის კოლეჯი საქართველოშიც გაიხსნება ახლო მომავალში. მახსოვს, თუ როგორ დავიწყეთ ამ მიმართულებით განვითარება, თუ რამდენი დაბრკოლების და ფორმალობის გადალახვა მოგვიწია, თუ როგორ დაგვაფასეს ბრიტანელმა ძმებმა და უძველესი საძმოს წესდებაში შეიტანეს შესაბამისი ცვლილებები, მხოლოდ იმისთვის, რომ ქართველ ძმებს, საქართველოს დიადი ლოჟის პასპორტით, შესძლებოდათ გაწევრიანება. აქაც არ შემიძლია განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო მოქმედ დიად ოსტატს, ყოვლად ღირსეულ ძმა ვახტანგ ჯ∴ გაწეული შრომისთვის და ჩადებული ენერგიისთვის.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მომავალში იგეგმება ფრანგული წესდების უმაღლესი ხარისხების განვითარება, რომელიც განსხვავებული და ულამაზესი, ეზოთერულ – რაინდული და ამასთანავე, სამეცნიერო – საგანმანათლებლო წესდებაა, რაც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ევროპულ მასონურ ოჯახთან და ქართველი მასონების ფესვებთან. მადლობა ყველა ძმას  ვინც ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული.

არ შემიძლია არ შევეხო პანდემიას, რომელიც თითოეულ ადამიანს, ლოჟას, მასონს და დიად ლოჟას შეეხო 2020 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული. გულწრფელად მოხარული ვარ, რომ იგი შედარებით მსუბუქად შეეხო ჩვენი დიადი ლოჟის წევრებს და მათ ოჯახებს, ამასთან, ძალიან ბევრი მასონი ძმა გარდაიცვალა მსოფლიოს მასშტაბით და მათ ხსოვნას წუთიერ დუმილს მივაგებ…

ამავე პერიოდში, ანუ 2020 წლის მარტიდან დავიწყეთ შიდა აუდიო – ვიდეო ლექციები და კონფერენციები, აპრილში კი, პირველი ონლაინ ღია ჩართვა გვქონდა ლონდონის „ოთხი გვირგვინოსანი“ (კუადრო კორონატი) ლოჟის ღირსეულ ოსტატთან, რომლის ჩატარებაში დაგვეხმარა სემიოტიკის ეროვნული ცენტრი. ეტაპობრივად ჩვენი ლექციები გადაიზარდა მსოფლიოში უნიკალურ პროექტად, რომელსაც ეწოდა „საპერე აუდე“, ანუ „შეიცან თავი შენი“ და რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი არხია მასონურ სივრცეში. ამ პროექტის განვითარებაში საწყის ეტაპზე მივიღე მონაწილეობა, მაგრამ შემდგომი და ამჟამინდელი წარმატება უდავოდ ჩვენი ძმის, დიადი ოსტატის თანაშემწის, ღირსეული ძმა დავით ჭ∴ დამსახურებაა და მას დიადი ლოჟის სახელით მადლობა მინდა გადავუხადო და ვუსურვო სამომავლო განვითარება და წარმატება. ყველა ძმას და მათ ოჯახებს კი ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ რთულ პანდემიურ პერიოდში. მიხარია, რომ მუშაობები გრძელდებოდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით და ვიმედოვნებ, რომ ამა წლის გაზაფხულიდან რიგი შეზღუდვები მოიხსნება, რაც მეტი ახალი წევრის მიღებისა და მეტად აქტიური მუშაობის საშუალებას მოგვცემს.

რამ განაპირობა მსოფლიოში ერთ – ერთი ახალგაზრდა მასონური გაერთიანების – საქართველოს დაიდი ლოჟის პროგრესი?

ერთიანობამ და გუნდურობამ, შესაბამისად მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს დიადი ლოჟის დიად ოფიცრებს და ასევე, წარმატება ვუსურვო დიად ოფიცერთა ახალ შემადგენლობას, რომელიც 1 წლის ვადით არის დამტკიცებული დიადი ოსტატის მიერ. მოხარული ვარ, რომ დიად ოფიცერთა შემადგენლობას წელს განახლდა. მნიშვნელოვანია, ახალი სახეები, ახალი შემართებისა და სისხლის ცირკულაცია ოფიცერთა შემადგენლობაში.  აქვე მსურს წარმატება ვუსურვო, ახლად არჩეულ და დამტკიცებულ ღირსეულ ოსტატებს, სიმბოლურ ლოჟა „მეფე დავით აღმაშენებელი“ #1 და „პითაგორა“ #7.

დიდი შრომა და ენერგია ჩაიდო, უამრავი წინაღობის მიუხედავად, იმ საქმეში რასაც საქართველოს დიადი ლოჟის განვითარება ჰქვია და ეს იქნებოდა შეუძლებელი თითოეული ძმის პირადი ჩართულობის გარეშე, მიუხედავად ხარისხისა და რანგისა – შეგირდების, თანამოძმეების, ოსტატების, ლოჟების ღირსეული ოსტატებისა და დიადი ოფიცრების, დიადი ოსტატის. თითოეული ძმაო საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ქმნიდა, აუმჯობესებდა საკუთარ თავს და მის გარშემო მყოფთ, ნერგავდა კეთილშობილებას, განმანათლებლობასა და პროგრესს. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც წლების წინ იდგა საქართველოს დიადი ლოჟის დაფუძნების სათავეებთან.

დიადი ლოჟა დინამიური, ცოცხალი ორგანიზმია, მოდის ახალი კანდიდატი, მიდის ხოლმე ძმაც, მაგრამ ვინც რჩება, რჩება როგორც ქვიშა ზღვის ფსკერზე, შეკრული ერთ მტკიცე მუშტად, ოჯახად, ურთიერთ პატივისცემით, სიყვარულით და ნებით – შეცვალოს უკეთესობისკენ გარემო ოჯახებში, სამეზობლოში, სოფლებსა და ქალაქებში, ჩვენს სამშობლოში და მსოფლიოში. რთულია მედგრად იდგე და იყო პროცესის მონაწილე, როდესაც უამრავი სირთულეა და რა თქმა უნდა გაცილებით მარტივია დანებდე, წახვიდე, დაისვენო… ყველა ვერ უძლებს პასუხისმგებლობას, რომელიც პიონერების მხრებზეა მუდამ. მადლობა ყველა ძმას ყველა ხარისხში და რანგში, რომელიც საქართველოს დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ მომუშავე სიმბოლური ლოჟების წევრები არიან, ს∴ლ∴ „მეფე დავით აღმაშენებელი“ #1, ს∴ლ∴ „აკაცია“ #2, ს∴ლ∴ „ვარდი და ჯვარი“ #3, ს∴ლ∴ „მეფე სოლომონი“ #4, ს∴ლ∴ „ან ნური“ #5, ს∴ლ∴ „ოქროს საწმისი“ #6 და ს∴ლ∴ „პითაგორა“ #7.  მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს დიადი ლოჟის დიად ოსტატს, რომელმაც ოფიცერთა ახალი შემადგენლობა წარმოგვიდგინა.

თქვენ დაგასახელეს შემდეგი კადენციის (2022 – 2025 წწ) დიად ოსტატად, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ჩემთვის უდიდესი პატივია და ემოციურად საკმაოდ ამაღელვებელი, საქართველოს დიადი ლოჟის დიად ოფიცერთა საბჭოს მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილება – ჩემი დასახელება 2022 წლის საქართველოს დიადი ლოჟის ეროვნულ ასამბლეაზე დიადი ოსტატის კანდიდატად… ეროვნული ასამბლეის დელეგატთა მიერ ჩემი არჩევის შემთხვევაში, 2022-2025 წლები მექნება პატივი და ღირსება ვუხელმძღვანელო საქართველოს მასონურ ორდენს, რაც ამავდროულად, ზემოთხსენებული უდიდესი პასუხისმგებლობაა, თითოეულ ძმის მიმართ, მსოფლიო მასონობის წინაშე…

დიადი ოსტატი, ოფიციალური კორესპონდენციის, წერილის თუ მიმართვის გაგზავნისას, საკუთარ თავს მოიხსენიებს როგორც „ჩვენ“. ვინც არ იცის ან არ ესმის მასონური ტრადიციები, შეიძლება ჩაუთვალოს მას, ეს მისი საკუთარი თავის მოხსენიება, ამპარტავნობაში, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება ჭეშმარიტებას. „ჩვენ, დიადი ოსტატი“ არის ფრაზა, რომლითაც მასონური მორჩილების ხელმძღვანელი, დიადი ოსტატი, აღნიშნავს, რომ ის კრებითია, წარმოადგენს ყველა ძმას ერთობლიობაში და უნდა შეესაბამებოდეს მორალის, ეთიკის, ზნეობის, მოშურნეობის, ერთგულების, შრომისმოყვარეობის და სხვა თვისებების მაღალ თამასას. დიადი ოსტატის ხელში დიდი ძალაუფლებაა ორდენში და ამავე დროს ურთულესი პასუხისმგებლობა, იყოს ყველა ძმის მაგალითი, მრჩეველი, გვერდში მდგომი და სიმბოლო ეროვნული და მსოფლიო მასონობისა. რა თქმა უნდა, დიადი ოსტატი საკუთარ უფლებამოსილებას ვერ და არ განახორციელებს გუნდის, დიად ოფიცერთა საბჭოს წევრების გარეშე და ვიმედოვნებ, არჩევის შემთხვევაში, წარმოვადგენ ღირსეულ, შრომისმოყვარე და მოტივირებულ გუნდის წევრებს, დიად ოფიცერთა პოზიციებზე.

2022 წლის დიადი ლოჟის ასამბლეა კიდევ ერთი ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება, გაგრძელება საქართველოს დიადი ლოჟის განვითარებისა და პროგრესისა, თითოეული ძმის და ჩვენი რესპუბლიკის მდგრადი განვითარებისკენ.

რა სამოქმედო გეგმა უნდა შესთავაზოთ საქართველოს მასონურ ორდენს და საზოგადოებას?

წინ ერთი წელი გვაქვს და მე ღია ვარ ნებისმიერი კომუნიკაციისთვის, ახლა მხოლოდ რიგ საკითხებზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას:

ვინ არის მასონი, რა არის მასონობა – საქართველოში მასონური ორდენის აღდგენიდან დღემდე მაინც ისმის ეს შეკითხვა ჩვენს საზოგადოებაში და მიმაჩნია, რომ დიადი ლოჟა მეტად მოქნილი და გამჭირვალე უნდა იყოს საკუთარ საქმიანობაში, მეტი დრო და საშუალება უნდა დაუთმოს საზოგადოებასთან ურთიერთობას და ამისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, მ.შ. ვებ გვერდი, სოციალური მედია, ტელევიზია თუ ბეჭდური გამოცემები. ჩვენი შრომის შედეგად 20 მეტი ქართულენოვანი წიგნი მომზადდა და გამოიცა, წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში და ჩვენს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა გაიგოს მეტი მასონებზე და მასონურ ორდენთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყველა ძმას ვინც ამ პროცესში წვლილი შეიტანა კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.

საქართველოს დიადმა ლოჟამ ნათლად უნდა დაანახოს მის წევრებს და ქართულ საზოგადოებას მისი სოციალური როლი. მიუხედავად იმისა, რომ მასონები, დიადი ლოჟა, საერთო სახელით არ ერევან არც პოლიტიკურ და არც რელიგიურ პროცესებში, მას შეუძლია საკუთარი პოზიციის გამოხატვა რესპუბლიკაში მიმდინარე საკითხებზე, და არა მხოლოდ პოზიცია დააფიქსიროს, არამედ აქტიური მონაწილე გახდეს სხვადასხვა პროექტისა თუ პროგრამის, ეს მიმართულებებია განათლება, კულტურა, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, სპორტი და ჯანმრთელი ცხოვრების წესი, მრავალი სხვა. ნებისმიერი საზოგადოების განვითარების ქვაკუთხედია თავისუფლება, კანონის წინაშე თანასწორობა, საყოველთაო სამართლიანობა, სიღარიბის დაძლევა, განათლება და მეცნიერება, ტრადიციების პატივისცემა და კულტურა, გარემო რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ და ვზრდით მომავალ თაობებს, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა და რა თქმა უნდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება. მიმაჩნია მართებულად დიადი ლოჟის მეტი საჯარო სოციალიზაცია, სხვადასხვა სფეროში აქტიური მონაწილეობა. მომავალის სამჭედლო ყოველთვის აწმყოა, წარსული მხოლოდ საფუძველია, მაგრამ არა საკმარისი. საჭიროა მენტალური გაახალგაზრდავება და არა მხოლოდ ხელოვნური რეფორმირება. საქართველო არის ჩვენი სამშობლო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ევრო – ატლანტიკურ ოჯახში ღირსეული ინტეგრაცია, ტრადიციების დაცვა და მდგრადი განვითარება, ჩვენი რესპუბლიკის ყოველი მოქალაქის, ინდივიდი მასონის და დიადი ლოჟის ერთ-ერთი მთავარი მისია და ამოცანაა. ყოველი გლობალური პროექტი, გლობალური წამოწყება არაფერია, თუ ეროვნული, მშობლიური, პირადი არ არის ღირსეულად დაფასებული, დაცული და განვითარებული. ჰარმონია, სიყვარული, სტაბილურობა, ერთიანობა, მიტევება, წინსვლა, – ყოველივე ეს ჩვენი საერთო საქმეა, მომავლის საქართველოსთვის.

უმთავრესი პრიორიტეტი იქნება საქართველოს დიადი ლოჟის მთავარი შენობის, ციტადელის აღმშენებლობა, რომელიც მალე უნდა დაიწყოს თითოეული ძმის თანამონაწილეობით და დახმარებით და 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. ეს არის უმთავრესი და პირველადი ჩემი ამოცანა, როგორც არჩეული დიადი ოსტატისა. შენობა მასონური წესებისა და ტრადიციების დაცვით აიგება, გათვალისწინებული იქნება ყველა ნიუანსი, როგორც დიადი ლოჟის საქმიანობისთვის, ასევე მასონური ზედა საფეხურებისთვის.

ცვლილებები იქნება ახალი წევრების მიღების საკითხშიც.

აქ და ახლა არ ვისაუბრებ დაწვრილებით საგარეო ურთიერთობებზე, ნათელია, რომ სდლ-ი აგრძელებს მსოფლიო მასონურ თანამეგობრობაში, ძმურ ჯაჭვში ინტეგრაციას, ნებისმიერ რეგულარულ დიად ლოჟასთან ურთიერთობების გაღრმავებას და ურთიერთ აღიარებას. ამისთვის იმუშავებს საერთაშორისო გუნდი.

მნიშვნელოვანია სდლ-ის დიადი სამდივნოს ახლებურად გააქტიურება, მოქნილობა და მასში შემავალი ყველა სტრუქტურის ეფექტიანობის ამაღლება, ზოგადი საქმისწარმოების სრულყოფა და მუდმივი დახვეწა.

დიდი ყურადღება მიექცევა სიმბოლური ღირსეული ლოჟების რეგულარულ კრებებს, მუშაობებს, მათ შესაბამისობას ორდენის ტრადიციებთან, წესებთან და სდლ-ის კონსტიტუციასთან და გენერალურ (საერთო) რეგლამენტთან. ყოველი ლოჟა უნდა იყოს სამაგალითო, მოწესრიგებული და ზრდადი.

ჩემთვის, საქართველოს დიადი ლოჟა არ არის მხოლოდ მასონობა, ეს ჩემი ოჯახია, მადლიერი ვარ დიადი შემომქმედის, რომ მან ასეთი გამორჩეული და საინტერესო ადამიანები მომივლინა ძმებად, ჩვენი ოჯახი კი საფუძველია სახელმწიფოს განვითარების. ვფიქრობ, რომ საქართველოს დიადი ლოჟის ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში მეტად საგრძნობი უნდა გახდეს, ვინაიდან ჩვენთვის მასონობა არის ცხოვრების წესი, დაფუძნებული განმანათლებლობაზე და პროგრესზე და გარემო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ სწორედ ის ასპარეზია, სადაც ეს განმანათლებლობა და პროგრესი უნდა იგრძნობოდეს. ჩვენი დიადი ლოჟის არსებობის ერთ-ერთი ამოცანაა ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის განმტკიცება და ღირსეული მომავლის შექმნა თითოეული მოქალაქისთვის.

საქართველოს დიადი ლოჟა რეგულარული მასონური გაერთიანებაა, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, იცავს რა რეგულარულობის პრინციპებსა და ტრადიციებს, რომელიც მოცემულია ჯეიმს ანდერსონის კონსტიტუციაში, დაფიქსირებულია ლოზანის და ბერლინის კონვენტებზე, სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებში და კრებების დროს. ჩვენი ლოჟები მხოლოდ მამაკაცებისთვის არის და დაუშვებელია ე.წ. „შერეული“ მუშაობები. ამასთან, მივესალმებით საქართველოში ქალების გააქტიურებას, ქალთა საინიციატივო ჯგუფის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს ქალ მასონთა ლოჟების განვითარებას და საქართველოს ქალ მასონთა დიადი ლოჟის დაფუძნებას, რომელშიც მხოლოდ ქალები იქნებიან. ვფიქრობ, რომ რიტუალის და ფორმალობების მიღმა, ჩვენ, მამაკაც მასონებს, შეგვიძლია ღირსეული დახმარების გაწევა საქართველოს ქალებისთვის ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში. ეს აუცილებელიც არის და მსგავსი მხარდაჭერა და თანამშრომლობა არსებობს ნებისმიერ რეგულარულ მასონურ გარემოში, ინგლისი იქნება ეს, ტრადიციულად საფრანგეთი, ბელგია, აშშ თუ სხვა.

შეგახსენებთ, რომ 6 წელი მასონური ასაკისთვის ძალიან მოკლე ვადაა, მითუმეტეს დიადი ლოჟის არსებობის პერიოდისთვის. შეიძლებოდა თუ არა „მეტის გაკეთება“? ყოველთვის არის გარკვეული „უკმაყოფილება“, რომ კი, – შეიძლებოდა, მაგრამ რაც გაკეთდა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე „სტანდარტულ“ გარემოში იყოს შესაძლებელი. თანამედროვე სახით მასონობის ისტორია 300-400 წელს მოიცავს და გასაკვირი არ არის ის მექანიზმები, სისტემა და სხვა შედეგები, რაც ბევრ, განსაკუთრებით, დასავლურ მასონურ მორჩილებებს გააჩნიათ. ჩვენ კი ახლახან დავიწყეთ ჩვენი საზოგადოებისთვის მივიწყებული ტრადიციების და სისტემის აღდგენა – ჩამოყალიბება, სულ რაღაც 3 წლის წინ მოხდა ევროპულ ოჯახში ჩვენი ინტეგრაცია, არ გველევა მოწინააღმდეგე თუ დაბრკოლება და ეს საკმაოდ „ჩვეულებრივი“ ამბავია. საქართველოში არსებობს კვაზი მასონური და არა ლეგიტიმური ორგანიზაციები, მათი არსებობა უკვე ქმნის დუალისტურ დამოკიდებულებას საზოგადოებაში. გაერთიანება ამ ორგანიზაციებთან დაუშვებელია, მათი ინდივიდუალური წევრების „შემოერთება“ კი – შესაძლებელი, მასონური წესების დაცვით და საქართველოს დაიდი ლოჟის ინტერესების გათვალისწინებით. „გაშლილ სუფრაზე“ ყველას ვეპატიჟებით, მაგრამ ამ სუფრაზე თავისი წესებია, თავისი ტრადიციები და სტუმარ – მასპინძლობისთვის დამახასიათებელი გარემოებანი.

აჰა, რა კარგია და რა საამურია, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები!

აჰა რა კარგი და საამურია ძმებთან ერთად ყოფნა

უახლესი ლოჟა მოვლენები

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ ალბერტ პაიკის „კარიბჭე და შუა პალატა – ლოჟის წიგნის“ საფუძველზე

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ ალბერტ პაიკის „კარიბჭე და შუა პალატა – ლოჟის წიგნის“ საფუძველზე

15 მაისი, 2023

თავისუფალ ქვისმთლელობაში, წესდება (Rite) წარმოადგენს ხარისხების წყობას, ერთობას, რომლებიც მიჰყვება ერთმანეთს გარკვეული...

Წაიკითხე მეტი
ORDO AB CHAO

ORDO AB CHAO

15 მაისი, 2023

ს∴დ∴ხ∴ს∴ს∴ Deus Meumque Jus ძვირფასო მკითხველო, ბევრი გსმენიათ ალბათ მასონურ...

Წაიკითხე მეტი
ფრანგული მასონური ორდენის მოკლე ისტორია

ფრანგული მასონური ორდენის მოკლე ისტორია

15 მაისი, 2023

ძვირფასო მეგობრებო, საფრანგეთი არის სახელმწიფო, რომელშიც თანაზიარად არსებობს მრავალი უძველესი...

Წაიკითხე მეტი
ანგლო-საქსონური მასონური ხაზის წარმოშობის მოკლე ისტორია

ანგლო-საქსონური მასონური ხაზის წარმოშობის მოკლე ისტორია

15 მაისი, 2023

ძვირფასო მკითხველო, გამომდინარე იქიდან, რომ ბრიტანეთი დიდი იმპერია გახლდათ და...

Წაიკითხე მეტი
„საქართველოს დიადი ლოჟის“ 8 წლის იუბილე

„საქართველოს დიადი ლოჟის“ 8 წლის იუბილე

14 მაისი, 2023

საქართველოში ერთადერთი რეგულარული, სუვერენული და კანონიერად დაფუძნებული მასონური გაერთიანება –...

Წაიკითხე მეტი
ტაძრის მშენებლობა

ტაძრის მშენებლობა

14 მაისი, 2023

საქართველოს დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ და წიაღში მომუშავე სიმბოლურ ღირსეულ...

Წაიკითხე მეტი
აღიარება ბრაზილიიდან

აღიარება ბრაზილიიდან

14 მაისი, 2023

კიდევ ერთი კარგი ამბავი და აღიარება საქართველოს დიადი ლოჟის გაცნობებთ,...

Წაიკითხე მეტი
აღიარება ჩრდილოეთ ამერიკიდან

აღიარება ჩრდილოეთ ამერიკიდან

14 მაისი, 2023

დღეს ჩვენი გულები მშვიდობისკენ და უკრაინის გამარჯვებისკენ არის მიმართული!საქართველოში ერთადერთი...

Წაიკითხე მეტი
ინტერვიუ არჩეულ დიადი ოსტატის კანდიდატთან – პერსპექტივები

ინტერვიუ არჩეულ დიადი ოსტატის კანდიდატთან – პერსპექტივები

14 მაისი, 2023

„საქართველოს დიადი ლოჟა – პერსპექტივები“ 2021 წლის მარტში, საქართველოს დიადმა...

Წაიკითხე მეტი
მასონური გამომცემლობა

მასონური გამომცემლობა

14 მაისი, 2023

იყო დრო, როდესაც ქართულენოვანი მკითხველი მოკლებული იყო ხარისხიან, ავთენტურ და...

Წაიკითხე მეტი