უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შესახებ ალბერტ პაიკის „კარიბჭე და შუა პალატა – ლოჟის წიგნის“ საფუძველზე
თავისუფალ ქვისმთლელობაში, წესდება (Rite) წარმოადგენს ხარისხების წყობას, ერთობას, რომლებიც მიჰყვება ერთმანეთს გარკვეული თანმიმდევრობით, ზრდადობით და განიხილება ერთიან სისტემად, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო. უამრავი სხვადასხვა ასეთი წესდება არსებობს, რომლებშიც ტარდება მასონური მუშაობები მსოფლიოს გარშემო. მათგან მთავარი და ჩვენს დროში მეტად გავრცელებული წესდებებია იორკული ან ინგლისური, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება და ფრანგული წესდება ან „თანამედროვე წესდება“.
„იორკის წესდება“ მეტწილად ამერიკის შეერთებული შტატებშია გავრცელებული და მას „ინგლისურ“ წესდებას თანამედროვეობაში აღარავინ უწოდებს. აშშ-ში შოტლანდიური წესდება სხვადასხვა სოციალური აქტივობის ცენტრია, იორკის წესდება კი, უფრო ქვისმთლელთა განმანათლებლობის შიდა სისტემაა. უნდა გვახსოვდეს, რომ აშშ საკმაოდ რელიგიური სახელმწიფოა, სხვადასხვა ქრისტიანული მიმართულების, ამიტომ, იორკის წესდება დაფუძნებულია სწორედ ქრისტიანული აღმსარებლობის ძმებზე, მისი სისტემა ბიბლიური სიუჟეტების და ღმერთის რწმენაზეა აგებული. იორკის წესდება აერთიანებს რიგ ინგლისურ მასონურ „ზედნაშენ“ სისტემასა და ხარისხებს, მაგრამ ინგლისისგან განსხვავებით, ეს ხარისხები და ორდენები ერთ საერთო სისტემაში, ერთიან ხაზშია გაერთიანებული, წესდების სახით. მათ შესაბამისი ნუმერაცია გააჩნიათ, როგორც ეს უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებაშია. მიუხედავად რიტუალებში არსებული სხვაობებისა, მათი საფუძველი და შინაარსი მსგავსია ევროპაში და ინგლისში არსებულ „ექვივალენტურ“ ხარისხებთან. იორკის წესდება სამი მთავარი „სექციისგან“ შედგება, რომლებსაც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა ქვე-სტრუქტურები, მასონური სახელოსნოები. პირველი ასეთი სექციაა – სამეფო თაღი და ინგლისისგან განსხვავებით, სადაც ეს სისტემა სიმბოლური მასონობის ნაწილია ფაქტიურად, აშშ-ში იგი წარმოადგენს იორკის წესდების პირველ ოთხ საფეხურს – ხარისხს. აშშ-ში სამეფო თაღში განდობა, თავდაპირველად, დაშვებული იყო მხოლოდ ლოჟების ღირსეულ ოსტატთათვის. ოსტატ მასონს შეეძლო მხოლოდ „ნიშნის“ ხარისხის მიღება. ამ ოთხ ხარისხს მოგვიანებით დაემატა მეხუთე – „წინა ღირსეული ოსტატის“ ხარისხი, რათა ხსენებული წესი არ გაუქმებულიყო, მაგრამ ამასთან, წესდების მეხუთე ხარისხში განდობა ითვლებოდა იმ ცოდნის „განდობის“ ექვივალენტად, რასაც ლოჟის ღირსეული ოსტატები იღებდნენ. მეექვსე ხარისხია – „ფრიად სრულყოფილი ოსტატი“, რომელსაც ინგლისში უკვე „კრიპტას“ საბჭო მართავს. თავად „სამეფო თაღი“, როგორც ხარისხი, ითვლება აშშ-ში იორკის წესდების მეშვიდე ხარისხად, რიტუალი საკმაოდ განსხვავდება ინგლისის ვარიანტისგან. აშშ-ში შენარჩუნებულია სამეფო თაღში განდობის რიგი ელემენტები, რომლებიც შოტლანდიიდან მომდინარეობს და რომლებიც ინგლისში გაქრა. სამეფო თაღის ყოფილი პრინციპალები წევრიანდებიან იორკის წესდების მიღმა არსებულ საზოგადოებაშიც, მათ „პირველი მღვდელმთავრები“ ეწოდებათ. იორკის წესდების მეორე დიდი სექციაა „კრიპტა“, რომელიც წარმოადგენს ინგლისური „კრიპტას“ საფუძველს, ვინაიდან ეს სისტემა აშშ-დან შევიდა ინგლისში. მესამე სექცია – ხარისხთა უმაღლესი კლასი, წარმოდგენილია ტაძრის კომანდორიით. მასში შედის წითელი ჯვრის ორდენი, წმინდა პავლესა და მალტის ორდენები, ტაძრელთა ორდენი. ეს საფეხურები, ისევე, როგორც ინგლისში, ღიაა მხოლოდ ქრისტიანული აღმსარებლობის ძმებისთვის. ჯვაროსან რაინდთა ორდენი ცალკე მდგომი რაინდული ორდენია, რომელიც იორკის წესდებისგან დამოუკიდებლად არსებობს, მაგრამ მასში იღებენ მხოლოდ მათ, ვინც იყო იორკის წესდების ტაძრელთა ორდენის წევრი და ხელმძღვანელობდა ტაძრის კომანდორიას.
სხვა წესდებებიდან, რომლებიც ცნობილი იყო წარსულში ან თანამედროვეობაში შეგხვდებათ, უნდა ვახსენოთ ფესლერის წესდება, ჰამბურგელი შრიოდერის წესდება, მკაცრი მორჩილების წესდება, სვედენბორგის წესდება და სრულყოფილების ან ჰერედომის წესდება.
პირველი სამი ხარისხი – შეგირდი, თანამოძმე და ოსტატი – მიეკუთვნებიან ცისფერ ან სიმბოლურ ლოჟებს, ამასთან, წარმოადგენენ ყველა ხსენებული წესდების კანონიერ და განუყოფელ ნაწილს. ამ ხარისხებში განდობით იწყება ფრანგული წესდებაც, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება თუ სრულყოფილების წესდება.
ლოჟას „ცისფერი“ ანგლო – საქსონურ მასონურ სამყაროში ეწოდება, მ.შ. ინგლისი, აშშ, ირლანდია, შოტლანდია თუ ავსტრალია. ლოჟას „სიმბოლური“ ეწოდება კონტინენტურ ევროპულ მასონურ ოჯახებში, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში.
არსებობს გარკვეული განსხვავებები აშშ-სა და ინგლისის წესდებების მუშაობებს შორის, ისევე, როგორც იორკულ და შოტლანდიურ წესდებებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ შოტლანდიურ წესდებასა და თანამედროვე ანუ ფრანგულ წესდებას შორის მეტი იდეური თანხვედრა და მსგავსებაა.
სრულყოფილების წესდება შედგებოდა 25 ხარისხისგან, მათში უმაღლესი – სამეფო საიდუმლოს აღმატებული უფლისწულის ხარისხი გახლდათ. ეს წესდება კონტინენტურ ევროპაში, კერძოდ, საფრანგეთში შეიქმნა და განვითარდა, ჯერ კიდევ 1762 წლამდე. მის საფუძველზე, შეიქმნა და განვითარდა უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება, სრულყოფილების წესდების სისტემაში რამდენიმე საფეხურის დამატებით და მე-18 საუკუნის ბოლოს წესდებაში გარკვეული კოსმეტიკური ცვლილებების განხორციელებით.
თანამედროვე წესდება – Rite Moderne, მე – 18 საუკუნის ბოლოს, 1786 წელს არის დაფუძნებული, საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთის მიერ და იგი 7 ხარისხისგან შედგება, რომლიდანაც პირველი სამი სიმბოლური ლოჟის ხარისხებია, მეოთხე ხარისხს რჩეული ეწოდება, მეხუთეს – შოტლანდიელი, მეექვსეს – აღმოსავლეთის რაინდი, მეშვიდეს კი – ვარდისა და ჯვრის რაინდი. ეს მეშვიდე ხარისხი, შეესაბამება სრულყოფილების წესდების თანამედროვეობაში – უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების მე-18 ხარისხს. ფრანგული წესდების ხელმძღვანელ ორგანოს – დიადი გენერალური კაპიტული ეწოდება.
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება შედგება ოცდაცამეტი ხარისხისგან, პირველი სამი ხარისხი აქაც მიეკუთვნება სიმბოლურ ლოჟას. წესდებას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციული ორგანო, რომელსაც უმაღლესი საბჭო ეწოდება. არსებულ უმაღლეს საბჭოებში უხუცესია აშშ-ის სამხრეთ იურისდიქციის უმაღლესი საბჭო, ქ. ჩარლსტონში. იგი დაარსდა 1801 წლის 31 მაისს და სწორედ მისგან იღებს სათავეს მსოფლიოს ყველა დანარჩენი უმაღლესი საბჭო. 1804 წელს, შეიქმნა მსოფლიოში მეორე და ევროპის კონტინენტზე პირველი – საფრანგეთის უმაღლესი საბჭო, ამასთან, საფრანგეთში ახლა ორი უმაღლესი საბჭოა, რადგან 1815 წელს საფრანგეთის დიადმა აღმოსავლეთმა შექმნა საკუთარი უმაღლესი საბჭო. აშშ-ს ჩრდილოეთის იურისდიქციის უმაღლესი საბჭო ქალაქ ნიუ იორკში დაფუძნდა 1813 წელს. იგი თავიდან ქ. ჩარლსტონში დამკვიდრდა, ხოლო მოგვიანებით ქ. ბოსტონში გადავიდა.
საფრანგეთის, მისი კოლონიებისა და დომინიონების უმაღლესი საბჭო დააფუძნა გრაფ ალექსანდრე ოგიუსტ დე გრასმა, რომელიც დედა უმაღლესი საბჭოს დამფუძნებელი გახლდათ ქ. ჩარლსტონში და მოგვიანებით მისი მონაწილეობით შეიქმნა ვესტ-ინდოეთის, სან – დომინგოსა და ვინდვორდისა და ლეონარდის ფრანგული კუნძულების უმაღლესი საბჭოები. მან დააფუძნა საფრანგეთის უმაღლესი საბჭო 1804 წელს და მოგვიანებით, დაახლოებით 1815 წელს, აღადგინა ვესტ-ინდოეთის უმაღლესი საბჭო, რომელიც მოგვიანებით შეუერთდა საფრანგეთის უმაღლეს საბჭოს.
ბელგიის უმაღლესი საბჭო დაფუძნდა 1817 წელს, საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს ძალაუფლებით; ირლანდიის უმაღლესი საბჭო – 1826 წელს, აშშ-ს სამხრეთ იურისდიქციის ძალაუფლებით, შოტლანდიის უმაღლესი საბჭო დააფუძნა საფრანგეთის უმაღლესმა საბჭომ – 1846 წელს, ხოლო ინგლისისა და უელსის უმაღლესი საბჭო დაფუძნდა შოტლანდიის უმაღლესი საბჭოს შემდგომ, ასევე, 1846 წელს – აშშ-ს ჩრდილოეთის იურისდიქციის ძალაუფლებით.
„შოტლანდიური წესდების“ რიტუალები არსებობდა უძველესი ხანიდან. XVII საუკუნის ბოლოს – XVIII საუკუნის დასაწყისში, ეს რიტუალები (მათი რიცხვი მაშინ 25-ს შეადგენდა) მოხვდა საფრანგეთში შოტლანდიიდან, ბორდოს ლოჟის გავლით. მისი სახელწოდება, შოტლანდიელი ემიგრანტების დამსახურებაა, რომლებიც ინგლისელებს გაურბოდნენ საფრანგეთში. რიტუალების სისტემა, როგორც ერთიანი სტრუქტურა, მაშინ ჯერ არ არსებობდა. ენდრიუ რამსის მეშვეობით, „მაღალი საფეხურების“ სისტემა ნელ-ნელა დამკვიდრდა ბევრ ფრანგულ ლოჟაში. XVIII საუკუნეში კი – ფრანგულ კოლონიებში შოტლანდიური რიტუალები ეტიენ მორინთან ერთად შევიდა, როდესაც შევალიე მორინი „ახალი სამყაროს დიად ინსპექტორად“ დაინიშნა. მან 25 საფეხურიანი წესდებით მომუშავე „სრულყოფილების ორდენი“ ჩამოაყალიბა სან-დომინგოზე და სწორედ კარიბის ზღვის ამ კუნძულიდან გავრცელდა შოტლანდიური რიტუალები ჩრდ. ამერიკის კონტინენტზე და შემდგომ მთელს მსოფლიოში. 1765 წელს, სრულყოფილების ორდენი დაფუძნდა ნიუ იორკში, ხოლო 1783 წელს – ჩარლსტონში, სამხრეთ ქეროლაინაში. სწორედ ჩარლსტონში, ვითარდება შოტლანდიური წესდება (Rite) და ყალიბდება როგორც სტრუქტურა. 1799-1801 წლებში ხორციელდება წესდების რეფორმირება, როდესაც ქ, ჩარლსტონში ჩამოდიან მეფე ფრედერიკ დიდის წარგზავნილები – ფრედერიკ დალკო და ჯონ მიტჩელი, „სრულყოფილების ორდენი“ იცვლის სახელწოდებასა და სტრუქტურას. მათ ჩამოიტანეს ორდენის ახალი წესდება, რომელშიც დამატებით 8 საფეხური იყო გათვალისწინებული და სახელწოდება იყო შეცვლილი – ორდენს „უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება“ ეწოდა. მის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ, როგორც ინგლისელი, ასევე ფრანგი მასონები. არსებობს თქმულება, რომ ეს რიტუალები, ტაძრელთა მიერ იყო ჩამოტანილი წმინდა მიწიდან ჯერ საფრანგეთში, ხოლო ტამპლიერთა ორდენის დარბევის შემდგომ – საფრანგეთიდან რიტუალები ხვდება შოტლანდიაში. ამავე ჰიპოთეზით, 1314 წელს, ტაძრელთა მხარდაჭერა აშკარად ჩანს შოტლანდიის მეფე – რობერტ ბრიუსის ბრძოლაში, ინგლისელების წინააღმდეგ. ამ პერიოდში იქმნება მასონური ლოჟა, რომელშიც წევრიანდებიან შოტლანდიელები და საფრანგეთიდან ჩასული ტაძრელი რაინდები. ტაძრელებს სრული ავტონომია გააჩნდათ ამ ლოჟის ფარგლებში და როგორც ამტკიცებს რიგი მკვლევარი – ლოჟაში შენარჩუნებული იყო (მე-18 საუკუნის პირველ ნახევრამდე) უძველესი მასონური ტრადიციები, რომლებიც ეფუძნებოდა მისტიკურ – ჰერმეტიკულ და როზენკროიცერულ ფასეულობებსა და სიბრძნეს. 1730-იან წლებში, ამ ლოჟ(ებ)ის წარმომადგენლები გადადიან საფრანგეთში, მ.შ. გამოირჩევა ანდრე – მიშელ დე რამსეი (1686 – 1743) – შოტლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე. რამსეი დაკავშირებული იყო მასონობასთან საფრანგეთში მისი [თანამედროვე მასონობის, დაფუძნებული „უძველესების“ ტრადიციებზე] შემოღებიდან – 1725 წლიდან. გრაფი ჩარლზ რედკლიფი, რომელიც, 1736 წლიდან, მოქმედებდა როგორც საფრანგეთის დიადი ოსტატი, ესწრებოდა რამსეის დაკრძალვას. ვარაუდობენ, რომ რამსეი და ჯონ თეოფილიუს დეზაგიულიე ერთი [ფრანგული] ლოჟის წევრებიც იყვნენ ინგლისში [ლონდონში]. 1737 წელს, რამსეიმ, პარიზში, წარმოთქვა მისი ცნობილი საჯარო სიტყვა, რომელშიც განსაზღვრავდა ოთხ საკითხს – თუ რა იყო საჭირო იმისათვის, რომ ნეოფიტი [კანდიდატი] გამხდარიყო ფრანგი მასონი. ეს ოთხი მახასიათებელი განსხვავდებოდა ინგლისური „სტანდარტებისგან“ და მოიცავდა შემდეგს: კანდიდატი უნდა ყოფილიყო ფილანტროპი [ქველმოქმედი], მას უნდა ჰქონოდა მორალური ღირებულებები, მას უნდა შესძლებოდა საიდუმლოებათა შენახვა და თანაგრძნობა მეცნიერებისა და სახვითი ხელოვნების მიმართ. ამავე წელს, რამსეიმ დაწერა თავისი დისკურსი, რომელიც უნდა წარმოეთქვა თავისუფალი მასონების [საფრანგეთის დიადი ლოჟის] კრებაზე, როგორც ფრანგული მასონური ორდენის დიადმა მჭევრმეტყველმა. ამ დისკურსში, მან დააკავშირა [წარმოადგინა მტკიცებულებები] მასონობა ჯვაროსან რაინდებთან [ტაძრელები – ტამპლიერები]. რამსეიმ ჩათვალა, რომ მისი გამოსვლა იმსახურებდა გაბატონებული კათოლიკური ეკლესიის ყურადღებას და ტექსტი გაუგზავნა საფრანგეთის კარდინალ ფლერის. თანდართულ წერილში რამსეიმ განაცხადა: „ვალდებულებები, რომლებიც დაწესებულია მასონობაში, გვავალდებულებს დავიცვათ ჩვენი ძმები ჩვენი ავტორიტეტით, გავანათლოთ ისინი ჩვენი ცოდნით, განვავითაროთ ისინი ჩვენი სათნოებით, დავეხმაროთ მათ საჭიროებებში და ვიბრძოლოთ ყველაფრისკენ, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების მშვიდობასა და ერთიანობას“. რამსეი სთხოვდა კარდინალ ფლერის მასონობის მორალური და ეთიკური პრინციპების „დალოცვას“ და მშვიდობიან თანაარსებობას, მაგრამ, მიიღო ფლერის ცივი უარი და კარდინალის მიერ მასონობის აკრძალვა საფრანგეთში… რამსეი, ფრანგი მასონებისადმი მიმართვაში, ხაზს უსვამდა შოტლანდიური მასონობის უპირატესობას, მის „ტრადიციულობას“ და ავთენტურობას. ამ პერიოდში, „შოტლანდიური მასონობა“ საფრანგეთში ჩამოყალიბდა ლოჟების სახით, მათ მიეცათ ცალკე მუშაობის და განვითარების უფლება, ლოჟებში ფრანგებიც წევრიანდებოდნენ. ამ ლოჟებში ინერგებოდა. სწორედ, ის რიტუალები, რომლებიც მოგვიანებით ქმნიან ჯერ „სრულყოფილების“ და შემდგომ „უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ“ წესდებებს. რამსეი მოუწოდებდა მასონებს [მასონ – Maçon ფრანგული სიტყვაა და ქვას, ქვისმთლელს ნიშნავს] ტერმინი „ქვისმთლელი“ არ მიეღოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან საუბარი არ იყო პრაქტიკულ ქვისმთლელობაზე, არამედ – საკუთარი „მე“-ს, ინდივიდის, ადამიანის განვითარებაზე. ფრანგი მასონები აქტიურად უერთდებოდნენ „შოტლანდიური წესის“ ლოჟებს, რადგან ბევრ საერთო საფუძველს ხედავდნენ მათ საკუთარ ტრადიციებსა და ამ შოტლანდიური წესის ლოჟების ეზოთერულ და ოკულტურ ტრადიციებში. „შოტლანდიური წესდების“ ტრადიციულ ხარისხებში შეხვდებით ბევრ ფარულ თუ ღია მინიშნებას სხვადასხვა მისტიკურ თუ ოკულტურ სწავლებაზე, მ.შ. კაბალაა, ალქიმია, საკრალური გეომეტრია და ჰერმეტიზმი.
დავუბრუნდეთ, წესდების სტრუქტურის შექმნა – განვითარების ისტორიას. 1801 წლის 31 მაისს, ჩარლსტონში, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ოცდა მეცამეტე და ბოლო ხარისხის გენერალურ ინსპექტორთა მსოფლიოში პირველი უმაღლესი საბჭო დაფუძნდა (მას ეწოდება „სამხრეთ იურისდიქცია“). 1802 წელს, წესდების აშშ-ს „სამხრეთ იურისდიქცია“ გასცემს პატენტს (წერილობითი ხელდასმითი ნებართვა), რომელიც საფრანგეთში ჩადის და გადაეცემა ფრანგ მასონებს. ასე, საფრანგეთიდან წასული შოტლანდიური უძველესი რიტუალები, უკან დაბრუნდა ისევ საფრანგეთში, ახალი სისტემის, წესდების სახით. 1804 წელს მსოფლიოში მეორე, ხოლო ევროპაში პირველი – საფრანგეთის უმაღლესი საბჭო ფუძნდება. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების დევიზია „Ordo ab Chao“, რომელიც განიმარტება, როგორც “წესრიგი ქაოსის მიღმა“ ან „წესრიგი ქაოსიდან“. ეს დევიზი პირველად, სწორედ, 1802 წელს სამხრეთ იურისდიქციის მიერ გაცემულ პატენტში გამოჩნდა.
სამწუხაროდ, პოლიტიკური მიზეზების და გამო (მეფე იაკობი და იაკობინელები) ინგლისმა წესდების წარმოშობის შოტლანდიური ფესვები არ მიიღო და ამ სისტემას მხოლოდ „უძველესი და მიღებული წესდება“ უწოდა. ასევე, ძველი რიტუალები თითქმის უცვლელად მხოლოდ საფრანგეთში (საფრანგეთის უმაღლესი საბჭო – Suprême Conseil de France) და მისგან გაცემულ პატენტიან იურისდიქციებში შემორჩა, აშშ-სა და ინგლისურ კოლონიებში რიტუალებმა სახე იცვალეს.
უმაღლესი საბჭოები შეიქმნა და არსებობს კანადაში, პორტუგალიაში, იტალიაში, უნგრეთში, საბერძნეთში, შვეიცარიაში, ბრაზილიაში, პერუში, ვენესუელაში, ახალ გრანადაში, ურუგვაიში, მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკაში, ჩილეში, არგენტინის კონფედერაციაში, ეგვიპტესა და კუბაზე (ვესტ-ინდოეთის).
ყველგან გარდა დიდი ბრიტანეთისა, კანადისა, ჩილესა და აშშ, უმაღლესი საბჭოები ახორციელებენ ყველა ხარისხის მართვას და ინსპექტორები ზედამხედველობენ სიმბოლურ ხარისხებში განდობებს და ოსტატთა ლოჟების დაფუძნებას – გასცემენ რა პატენტებს და უწევენ მათ მუშაობას კოორდინაციას. აშშ-ში ასეთი ძალაუფლებით უმაღლესი საბჭოები არასოდეს იყვნენ განებივრებულნი და საერთო ჰარმონიის შენარჩუნებისთვის – სიმბოლური ლოჟების მუშაობას და მათზე ზედამხედველობას უტოვებენ დიად ლოჟებს, რომლებიც გასცემენ პატენტებს ლოჟების შექმნაზე.
თავდაპირველად, უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის რაოდენობა განსაზღვრული იყო ცხრა წევრით, მაგრამ თითქმის ყველა უმაღლეს საბჭოში ეს რიცხვი გადაჭარბებულია. ამჟამად, აშშ-ს სამხრეთ იურისდიქციაში უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია ოცდაცამეტი წევრით. ყველა წევრი ირჩევა და ატარებს დიადი სუვერენული გენერალური ინსპექტორის წოდებას სამუდამოდ. უმაღლეს საბჭოში ოფიცერთა თანამდებობებიც სამუდამოა.
აშშ-ს სამხრეთ იურისდიქცია მოიცავს ქვეყნის ყველა შტატს, გარდა მეინისა, მასაჩუსეტსისა, ვერმონტისა, ნიუ – ჰემპშირისა, კონექტიკუტისა როდ – აილენდისა, ნიუ – იორკისა, ნიუ – ჯერსისა, დელავერისა, პენსილვანიისა, ოჰაიოსი, ინდიანასა, ილინოისის, მიჩიგანისა და ვისკონსინისა. ეს თხუთმეტი შტატი გადაეცა აშშ-ს ჩრდილოეთ იურისდიქციას, მისი დაფუძნებისას. ყველა სხვა შტატი აშშ-ის ტერიტორიაზე სამხრეთ იურისდიქციის – დედა უმაღლესი საბჭოს საფარველ ქვეშ და წიაღშია.
უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება გავრცელებულია ყველაზე მეტად, სხვა მასონურ წესდებებთან და სისტემებთან შედარებით. მაგალითად, კონტინენტური ევროპის რომანულ ქვეყნებში და ამერიკებში მუშაობები ტარდება ძირითადად მხოლოდ ამ წესდების სისტემით და რიტუალებით.
სამართლებრივად ეს წესდება იმართება: 1) 1762 წლის კონსტიტუციითა და რეგლამენტით; 2) 1762 წლის შემდგომ, სხვადასხვა დროს მიღებული სტატუტებით, რეგლამენტებით და წესებით; 3) ჭეშმარიტი საიდუმლო კოდექსები ან 1786 წლის დიადი კონსტიტუცია, რომელიც მიღებულ იქნა ოცდა მეცამეტე ხარისხის ორდენის უმაღლესი საბჭოს მიერ, ბერლინში და დამტკიცებული და შესრულებისთვის დაშვებული ფრიდრიხ დიდის მიერ, რომელიც „ორდენის დიადი მფარველი, დიადი კომანდორი, სამყაროს დიადი ოსტატი და ორდენის ჭეშმარიტი მცველი“ გახლდათ; 4) სხვადასხვა უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული სტატუტები და კონსტიტუციები. მათი უმეტესობა მე-18 საუკუნეშია მიღებული და გამოქვეყნდა აშშ-ს სამხრეთ იურისდიქციის მიერ (ორიგინალები, თარგმანებითურთ), საკუთარ კონსტიტუციასთან და სტატუტებთან ერთად. 1786 წლის კონსტიტუციის ორიგინალი ტექსტი შედგენილია ლათინურ ენაზე, ხოლო 1762 წლის კონსტიტუცია და სხვა ხსენებული დოკუმენტების ორიგინალი ტექსტები შედგენილია ფრანგულ ენაზე.
ალბერტ პაიკის ამ ნაშრომის გამოქვეყნებიდან 2-3 წელიწადში შედგა უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების პირველი მსოფლიო კრება. 1875 წლის ლოზანის კონგრესი იყო თერთმეტი უმაღლესი საბჭოს ისტორიული მცდელობა განეხილათ და განეხორციელებინათ რეფორმა 1786 წლის უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების დიდი კონსტიტუციისა. მსოფლიო კონგრესი გაიმართა 1875 წლის 6-22 სექტემბერს, მასზე წარმოდგენილი იყო ინგლისის (და უელსის) უმაღლესი საბჭო, ბელგია, კუბა, შოტლანდია, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, პერუ, პორტუგალია და მასპინძელი ქვეყანა, შვეიცარია. შოტლანდიის წარმომადგენელმა, რომელიც ასევე წარმოადგენდა საბერძნეთის უმაღლეს საბჭოს, დატოვა კონგრესი საბოლოო დასკვნამდე პირადი მიზეზით. დახურვის დღეს ცხრა უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა მოაწერა ხელი უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების მსოფლიო კრების საბოლოო დეკლარაციას და ხელშეკრულებას. კრებაზე განხილული იყო მრავალი განსხვავებული ასპექტი, მათ შორის – ერთის მხრივ, შემოქმედებითი პრინციპის რწმენის დეისტური მიდგომა და მეორეს მხრივ, უზენაესი არსების რწმენის თეისტურ მიდგომა. დისკუსიამ იდეური კამათის სახე მიიღო და მხოლოდ 1877 წელს, შვეიცარიის უმაღლესი საბჭოს შუამავლობით, მიღწეულ იქნა შემრიგებლური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.
ლოზანის კონგრესის მსვლელობის და მიღებული გადაწყვეტილებების, ისივე, როგორც მის ჩატარებამდე მომხდარი მოვლენების შესახებ, როგორც ევროპის მატერიკზე, ისე შეერთებულ შტატებში, ბევრი თავისუფალი ქვისმთლელისთვის ან უცნობია ან არ არის სიღრმისეულად შესწავლილი. არა და, ყოველივეს სიღრმისეული ანალიზი დიადი ლოჟების საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის შესანიშნავ ხედვას იძლევა.
ოცდა მეცამეტე ხარისხში განდობა ტარდება მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი საბჭოს მიერ და მისი ძალაუფლებით. შუამდგომლობა და მოთხოვნა არ მიიღება, მხოლოდ თავად უმაღლესი საბჭოს წევრთა ერთსულოვანი კენჭისყრისა და გადაწყვეტილების საფუძველზე მიენიჭება ოცდა მეცამეტე ხარისხი ყველა დამსახურებულ, ღირსეულ და მცირერიცხოვან ძმებს, ყოველი შტატიდან. ეს ხარისხი მათვის საპატიოა და ისინი უმაღლესი საბჭოს საპატიო წევრები ხდებიან.
წესდების ხარისხები პირველიდან ოცდა მეთორმეტე ხარისხის ჩათვლით დაყოფილია ექვს თანრიგად, კლასად, ტაძრად, რომელთაგან თითოეულს ხელმძღვანელობს განსაკუთრე-ბული ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც წარმოადგენს ამა თუ იმ კლასის უმაღლესი ხარისხის ხელმძღვანელ ოფიცერთა ორგანოს.
პირველ თანრიგს, კლასს წარმოადგენს პირველი სამი ხარისხი:
- შეგირდი (ფრანგულად – Apprenti)
- თანამოძმე (ფრ. – კომპანიონი Compagnon)
- ოსტატი თავისუფალი ქვისმთლელი ( ფრ. Maitre)
ამ ხარისხებში განდობა ხორციელდება სუვერენული გენერალური ინსპექტორის ან მისი მოადგილის ან სიმბოლური ლოჟის ღირსეული ოსტატის მიერ. მაგალითად აშშ-ში ამ ხარისხებში განდობას ახორციელებს მხოლოდ სიმბოლური ლოჟა და მისი ხელმძღვანელი.
მეორე კლასის ხარისხებია:
- საიდუმლო ოსტატი
- სრულყოფილი ოსტატი
- საიდუმლო (პირადი) მდივანი
- ზედამხედველი და მოსამართლე
- შენობის (ან მშენებლობის) ზედამხედველი
- ცხრიდან რჩეული რაინდი
- თხუთმეტთაგან რჩეული რაინდი
- თორმეტთაგან ფრიად რჩეული რაინდი
- დიადი ოსტატი ხუროთმოძღვარი
- მეცხრე თაღის რაინდი ან სოლომონის სამეფო თაღი
- დიადი რჩეული, სრულყოფილი და აღმატებული თავისუფალი ქვისმთლელი
ეს ხარისხები ატარებენ სახელწოდებას „გამოუთქმელი“ და მათში განდობა ხორციელდება სრულყოფილების ლოჟაში, მმართველობის ორგანოა მეთოთხმეტე ხარისხი.
მესამე კლასში ორი ხარისხია:
- აღმოსავლეთის (ან მახვილის) რაინდი
- იერუსალიმის უფლისწული
ამ ხარისხებში განდობა ხორციელდება იერუსალიმის უფლისწულთა საბჭოში, რომელიც ამ ხარისხების ავტონომიური მმართველი ორგანოა ვარდისა და ჯვრის სუვერენულ კაპიტულში.
კლასიფიკაციის მეოთხე თანრიგშია ორი ხარისხი:
- აღმოსავლეთსა და დასავლეთის რაინდი
- არწივის რაინდი ან ვარხვის რაინდი ან ვარდისა და ჯვრის რაინდი
ამ ხარისხებში განდობას ახორციელებს ვარდისა და კვრის კაპიტული, მე-18 ხარისხის მმართველობითი ორგანო.
სისტემის მეხუთე კლასში შედის:
- დიადი პონტიფიკი ან ამაღლებული შოტლანდიელი ოსტატი
- ყველა სიმბოლური ლოჟის დიადი ოსტატი
- ნოაქიტი პატრიარქი ან პრუსიელი რაინდი
- სამეფო ცულის რაინდი ან ლიბანის უფლისწული
- სკინიას ხელმძღვანელი
- სკინიას უფლისწული
- სპილენძის გველის რაინდი
- მოწყალების უფლისწული ან სამების შოტლანდიელი რაინდი
- ტაძრის რაინდი სარდალი (კომანდორი)
- მზის რაინდი ან უფლისწული ადეპტი
- წმინდა ანდრია შოტლანდიელის რაინდი
- წმინდა (კადოშ) რაინდი ან შავი და თეთრი არწივის რაინდი
ამ ხარისხებში განდობა ხორციელდება ან წმინდა რაინდთა საბჭოში, 30-ე ხარისხის მმართველობითი ორგანო ან კონსისტორიაში, 32-ე ხარისხის მმართველობითი ორგანოს მიერ.
- დიადი სარდალი ინსპექტორი ინკვიზიტორი
- სამეფო საიდუმლოს აღმატებული უფლისწული
ამ ხარისხებში განდობა ხორციელდება დიად კონსისტორიაში. თავდაპირველად ამ ხარისხებში განდობის უფლება ჰქონდა მხოლოდ უმაღლეს საბჭოს ან პირებს, ვისაც უმაღლესი საბჭო ანიჭებდა ასეთ ძალაუფლებას. ამჟამად, აშშ-ის სამხრეთ იურისდიქცია ახდენს ამ უფლებათა დელეგირებას შტატების კონსისტორიებზე. ამასთან უმაღლესი საბჭო იტოვებს უფლებას ჩაატაროს განდობა ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ ხარისხში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებობს, ამა თუ იმ ხარისხის მმართველობითი ორგანო კონკრეტულ ტერიტორიაზე (შტატში) – უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრს ან მის მიერ დანიშნულ სპეციალურ წარმომადგენელს, აქვს სრული უფლება და ძალაუფლება ჩაატაროს განდობა ნებისმიერ ხარისხში, მეოთხედან ოცდა მეთორმეტე ხარისხის ჩათვლით.
წესდების დიადი კონსისტორია, რომელიც დაფუძნებულია ამა თუ იმ შტატში (ტერიტორიაზე), წარმოადგენს უმაღლეს მმართველობით ორგანოს ამ კონკრეტული წესდებისა კონკრეტულ შტატში (ტერიტორიაზე). დიადი კონსისტორიები ემორჩილებიან უმაღლეს საბჭოს. კონსისტორიას შეუძლია გასცეს პატენტები მუშაობის ჩატარების ნებართვით მის საფარველ ქვეშ მყოფს სტრუქტურულ ერთეულებზე და ასევე, მიიღოს მათგან შესაბამისი საწევრო გადასახადები. მას გააჩნია საკანონმდებლო და სასამართლო უფლებამოსილება, აპელა-ციის წარდგენა კონსისტორიის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შესაძლებელია უმაღლეს საბჭოში.
„გამოუთქმელ“ ხარისხებში (სრულყოფილების ლოჟაში) და ყველა შემდგომ ხარისხში, მ.შ. ოცდა მეცამეტე ხარისხის ჩათვლით განდობაზე დაშვებულია ნებისმიერი ოსტატი თავისუფალი ქვისმთლელი, რომელიც მიეკუთვნება კანონიერ წესდება, მასონურ მორჩილებას და სიმბოლურ ლოჟას, რომელსაც არ გააჩნია საწევრო გადასახადის დავალიანება ან რაიმე სახის შენიშვნა. სხვა არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. 4-14 ხარისხებზე ზედამხედველობას ახორციელებს სრულყოფილების ლოჟა, ამ ლოჟაში მუშაობის გახსნა ითვლება ყველა ამ ხარისხში მუშაობის გახსნად. ამასთან, არის შესაძლებლობა მუშაობის ჩატარების ნებისმიერ ამ ხარისხში ცალ-ცალკე და სრულად. იგივე წესი მიესადაგება მე-19 – 29-ე ხარისხებში მუშაობებს. ყველა ეს ხარისხი ითვლება წმინდა რაინდთა (კადოშის რაინდთა) საბჭოს ნაწილად. ამასთან, მუშაობის ჩატარება შესაძლებელია ცალ-ცალკე ყველა ამ ხარისხში, სრულად და რადგან 28-ე ხარისხი ითვლება ფილოსოფიური ხარისხების კლასის დასრულებად, გონივრულია გადაეცეს მე-19 – 27-ე ხარისხების ზედამხედველობა და მმართველობითი უფლებამოსილება ამ ხარისხის ადმინისტრაციულ ორგანოს.
არავის აქვს უფლება, სათანადოდ და კანონიერად გახსნილ მუშაობას, ამა თუ იმ ხარისხში, დაესწროს შესაბამისი წინსაფრისა და აღკაზმულობის – ხარისხის ბაფთისა და სამკაულის გარეშე.