ს∴დ∴   ხ∴ს∴

უძველესი, თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი

თავისუფლება - თანასწორობა - ძმობა

„ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია“

ვაჟა ფშაველა, 1905 წ.

 

მასონური ორდენი არ არის საიდუმლო საზოგადოება, – ეს არის საზოგადოება საიდუმლოებით. არის გარკვეული საკითხები, რომელთა ცოდნაც მხოლოდ ამ საზოგადოების წევრისთვის არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად  ჩვენს საზოგადოებაში  არსებული შეხედულებებისა, თანამედროვე მსოფლიო რეალობაში მასონები არ იმალებიან, მათი შეხვედრის ადგილები ყოველგვარი “კონსპირაციის” გარეშე ცნობილია დემოკრატიულ საზოგადოებებში. მასონები ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას, ბევრ ლოჟას გააჩნია მრავალი სოციალური პროექტი, ინტერნეტის ქსელში საკუთარი ვებ გვერდი, რაც საზოგადოების ინფორმირებულობისთვის არის გამიზნული.

მასონობა არც რელიგია თუ რელიგიური ორგანიზაციაა და არც პოლიტიკური ჯგუფი თუ ერთიანი პოლიტიკური ხედვის გამტარებელი საზოგადოებაა. თავისუფალ მასონთა ორდენი მხოლოდ აერთიანებს იმ მამაკაცებს, ვისაც სურთ რიტუალურ სიმბოლიზმზე დაყრდნობით შექმნას კარგისგან უკეთესი, გააკეთილშობილოს ადამიანის ზნეობა და მოუტანოს სიკეთე გარშემომყოფთ.

სიმბოლური მასონური განვითარება – დიადი ლოჟის იურისდიქციაში შემავალი სისტემა – მოიცავს სამ საფეხურს – შეგირდის, თანამოძმისა და ოსტატის, რის შემდგომ ძმა მასონს შეუძლია დამატებითი განვითარება და ცოდნა მიიღოს სხვადასხვა მიმართულებით, მაგ. უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებაში ან/და სამეფო თაღი, როზენკროიცერთა საზოგადოებაში, მარტინისტთა ორდენში, სამეფო თაღში და ა.შ..

მასონთა საძმოს წარმოშობის ფესვების ძიებაში შეიძლება დავიკარგოთ. იმის თქმა თავისუფლად შეიძლება, რომ მასონური გილდიები უძველესი დროიდან არსებობენ და მე-18 საუკუნეში მოხდა მხოლოდ მათი გარდაქმნა, გამსხვილება დიად ლოჟებად, უნივერსალური საძმოს პრინციპების შემოღებით – საერთო ფილოსოფიისა და ცხოვრების წესის ირგვლივ. დიდი მშენებლობა აერთიანებს მასონებს – უკეთესი ადამიანის, უკეთესი საზოგადოებისა და უკეთესი მსოფლიოს შენების. უკეთესი მსოფლიოს მშენებლობაში მარტივად იგულისხმება მაღალი ზნეობის, სულიერი  პრინციპებისა და პლანეტის რესურსების საერთო მოხმარების დანერგვა, კაცობრიობის საერთო მიზნების მისაღწევად.

მასონები ეძებენ სინათლეს და ამ სინათლის ძიებაში შეიძლება მრავალი წელი ან მთელი ცხოვრებაც გავიდეს. თითოეული მასონი თავისუფალია, თითოეული ლოჟა დამოუკიდებელი. რამდენიმე (მინიმუმ სამი) სიმბოლური ლოჟა ქმნის სუვერენულ დიად ლოჟას, რომლის დაფუძნებაში (კონსეკრაციაში)  თანამონაწილეობს სხვა რეგულარული დიადი ლოჟა. ყველა დიად ლოჟას გააჩნია თავისი იურისდიქცია, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე ვრცელდება.

ერთი და იმავე იურისდიქციის ლოჟებში შეიძლება ვიხილოთ განსხვავებული რიტუალები, სიმბოლოები თუ შეხედულებები, ამა თუ იმ, საკითხზე, მაგრამ საერთო პრინციპები – საფუძვლები (ლენდმარკები) უცვლელია და ერთია ყველასთვის.  მასონები ხელმძღვანელობენ პრინციპით “გაუკეთე სხვას ის, რაც გინდა, რომ სხვამ გაგიკეთოს შენ“, სიკეთე, ქველმოქმედება, სიმტკიცე და გამბედაობა მასონის დამახასიათებელი თვისებებია. პირველ რიგში კი, მასონი ღირსეული მამაკაცია, რომელიც ყოველდღე მიისწრაფის თვითგანვითარებისკენ, ოჯახის კეთილდღეობისკენ და სამშობლოს სიყვარულით – ქვეყნის გაძლიერებისაკენ. საკუთარი თავის გაუმჯობესებით, იგი მსოფლიოს გაუმჯობესებისაკენ მიილტვის.

   

                                                                                                                        რეკომენდირებული  ლიტერატურა

თუ დავეყრდნობით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებს და გავაანალიზებთ მათ, დავინახავთ, რომ ევროპის კონტინენტზე დღევანდელი სახით არსებულ მასონურ ორდენს შუა საუკუნეების პრაქტიკოსმა ქვისმთლელებმა ჩაუყარეს საფუძველი. „მასონი“ – ფრანგული სიტყვაა და სწორედ ქვისმთლელს ნიშნავს, „ფრანკ მასონი“ კი – თავისუფალ ქვისმთლელს. ბევრი სანდო წყარო ამტკიცებს, რომ აღნიშნული გილდიები იყვნენ მხოლოდ გარეგანი „შეფუთვა“ მათი, ვინც აღმოსავლეთიდან გადმოვიდა ან დაბრუნდა ევროპის კონტინენტზე და ჩამოიტანა „მისტიური“ ცოდნა თუ პრაქტიკული გამოცდილება. საჭიროებამ მოიტანა მრავალი საიდუმლო ნიშნის, მისალმებისა და შეკრების დროს გამოსაყენებელი სიმბოლოების დანერგვა. უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ოსტატი ქვისმთლელი თავისუფლად ამტკიცებდა მასონურ გილდიასთან საკუთარ კავშირს, ვინაიდან სიმბოლოებისა და ნიშნების (ლენდმარკები)  უმეტესობა საერთო იყო.

თანამედროვე მასონური საზოგადოების წარმოშობის ფესვების ნაწილი ტაძრელ რაინდთა ორდენის დაფუძნებასთან, განვითარებასთან და დევნასთან არის დაკავშირებული, ყველაზე ძლიერი არგუმენტები და ფაქტები იმაზე მიუთითებენ, რომ რაინდთა ძირითადი ჯგუფები იმ პერიოდში რომის პაპისგან თავისუფალ შოტლანდიისკენ დაიძრა.  შოტლანდია რომის ეკლესიის იურისდიქციას განუდგა და ეს ტერიტორია იმ პერიოდში ტაძრელთა ორდენის წევრების უსაფრთხოებისთვის იდეალური ადგილი იყო. მოგვიანებით, რაინდთა ნაწილი შეუერთდა მასონურ გილდიებს, ვინაიდან იქ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და შეეძლოთ თავისუფალი გადაადგი-ლება სხვადასხვა ქვეყანაში.

საერთო სურათის მნიშვნელოვანი შტრიხია რენესანსის პერიოდი ევროპაში მე – 13 – 16  საუკუნეებში მოღვაწე ადამიანები, რომლებიც ეცადნენ ეპოქისგან განსხვავებული აზროვნების წარდგენას საზოგადოებისადმი. ეს ადამიანები მიუღებელნი იყვნენ ეკლესიისათვის და სამეფო ოჯახებისათვის, ვინაიდან, ამ ადამიანებში,  საკუთარი აბსოლუტური მმართველობისათვის და შეურყეველი ავტორიტეტისათვის უდიდეს საფრთხეს ხედავდნენ. გალილეო, და ვინჩი, ნიუტონი და სხვები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ეცადნენ გარდატეხა შეეტანათ შუა საუკუნეების სქოლასტიკურ პერიოდში, ადამიანთა ხედვაში და აზროვნებაში. ასეთი თავისუფალი აზროვნება, მსჯელობა და საუბარი ინკვიზიციის ხანაში, როდესაც მცირედზეც კი წვავდნენ კოცონზე, იყო სახიფათო სიცოცხლისთვის, ამიტომ ეს ადამიანები საკუთარ ხელოვნებასა თუ ნააზრევს გადმოცემდნენ ფარული შიფრით, კოდებითა და სიმბოლოებით, მათი შეკრებები იმართებოდა ფარულად. ძირითადი თეზისები იწერებოდა სპეციალურად დამუშავებულ პაპირუსებზე,  საჭიროების შემთხვევაში, გამოსახული ტექსტი სითხესთან შეხებისას უჩინარდებოდა.

მოგვიანებით, ამ ადამიანებმა აგრეთვე დაიწყეს პრაქტიკოს ქვისმთლელთა გილდიებში გაწევრიანება. ამავე პერიოდში შემოვიდა ტერმინები „პროფესიული ქვისმთლელთა გილდიები – ლოჟები“, ანუ მხოლოდ პროფესიონალი, პრაქტიკოსი ქვისმთლელებით დაკომპლექტებული ლოჟები და ასევე, ის ლოჟები, სადაც უკვე ინტელექტუალები, ჯენტლმენები და არაპროფესიონალი – ანუ „აღიარებული“ – „მიღებული“ ქვისმთლელები იყვნენ გაწევრიანებულნი. მე-18 საუკუნეში პროფესიონალ ქვისმთლელთა გილდიები აღარც დარჩა, ისინი მთლიანად იქნენ ასიმილირებულნი აღიარებულ ანუ „მიღებულ“ მასონურ გილდიებთან.

ფაქტობრივად, დღეს არსებული მასონური საზოგადოების წინამორბედნი და სულის ჩამდგმელნი იყვნენ:  შუა საუკუნეების პროფესიონალი ქვისმთლელები; სხვადასხვა ეზოთერულ – ქრისტიანული ორდენი, მათ შორის ტაძრის რაინდთა (ტაძრელები) სამხედრო ორდენი; აღმოსავლეთიდან ჩამოსული მოგზაურები, თუ საზოგადოებები, რომლებმაც ევროპის კონტინენტზე ახლებური განვითარება დაიწყეს (მ.შ. როზენკროიცერები); და რენესანსის ხანიდან მოყოლებული ის ხელოვანი, ინტელექტუალი და მოაზროვნე ადამიანები, რომელთა საქმიანობაც  ეკლესიის წარმოსახვაში იყო საშიში, მისი აბსოლუტური მმართველობის საფუძვლებისთვის და მასების კონტროლის სისტემისთვის.

პირველი დოკუმენტური ნიმუშები ლოჟების მუშაობის, ოპერირებისა და რიტუალების შესახებ გვხვდება მე-16-17 საუკუნეებში. რაც, მიუთითებს იმაზე, რომ ლოჟები გაცილებით უფრო ადრე ჩამოყალიბდა და განვითარდა. მაგ. 1646 წლის დოკუმენტში ნათლად ჩანს, თუ როგორ მიიღეს წევრად შოტლანდიურ ლოჟაში ინგლისელი კაცი, ვინმე ელიას ეშმოლი. შეიძლება ითქვას და ასეც არის, რომ დღევანდელი სახით მასონური ორდენი და მასონური ლოჟები შეიქმნა და განვითარდა თავისუფალ შოტლანდიაში, ყველა ხელნაწერი და ფაქტი ამ გარემოებაზე მიუთითებს. „დღევანდელი სახით“ მასონური ორდენი – სწორედ იმ მრავალფეროვანი აღმოსავლურ – დასავლეთის ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებაა „ერთ ჭერქვეშ“, მათ შორის ეზოთერული, ჰერმეტული, კაბალისტური, ეგზოთერული, როზენკროიცერული, ალქიმიური, ტეურიგიული თუ სხვა ცოდნისა და საუკუნეთა განმავლობაში კაცობრიობის მიერ დაგროვებული გამოცდილებისა.

                                                                                                                                                                                
                                                                                                                      რეკომენდირებული ლიტერატურა

მნიშვნელოვანია განვასხვაოთ არა მხოლოდ მასონური წესდებები და დამატებითი ხარისხები, არამედ მთავარი არსი მასონობის, მათ შორის სხვაობა „ახლებსა“ [თანამედროვე] და „უძველესებს“ შორის, ისევე, როგორც სხვაობა „რეგულარულ“ ანუ ტრადიციულ და არა-რეგულარულ, ე.წ. „ლიბერალურ“ მასონობას შორის. როგორც პროფანულ, ისე მასონურ საზოგადოებაში, მუდმივად მიდის დისკუსია, თუ რა არის რეგულარულობა და ვინ არის რეგულარული და ვინ არა, რა განსაზღვრავს ამ რეგულარულობას, რა არის რეგულარულობის კრიტერიუმები და ა.შ. გახსოვთ, ეს საკითხი საკმაოდ ფაქიზი და რთულია, ამასთან, ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი ჩვენი [მასონური] ორდენისთვის.

უნდა ვხვდებოდეთ, თუ  სად გადის ზღვარი მასონურ და არა-მასონურ სტრუქტურებს შორის. ზღვარი – პრინციპებში და ფასეულობებშია, უპირველეს ყოვლისა. მსოფლიოში მრავლად არის სხვადასხვა საიდუმლო საზოგადოება, კლუბი, ორგანიზაცია თუ სექტა, მათი ნაწილი თავს წარმოადგენს, როგორც მასონური გაერთიანებები, სინამდვილეში კი მათ საერთო არაფერი აქვთ მასონობასთან. მთავარი კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავენ „მასონობას“ და განარჩევენ ფსევდო ე.წ. „მასონური“ ორგანიზაციებისაგან, სწორედ რეგულარულობის პრინციპებია.

რეგულარულობა ნიშნავს, რომ მუშაობა, რომელსაც ერთად ატარებენ ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს მასონებად აღიარებენ, მიჰყვებიან გარკვეულ წესებს, ნორმებსა და ტრადიციებს. ინიცირება [განდობა] და ელევაცია [მესამე ხარისხში აყვანა] ტრადიციის ნაწილია, რომელიც მასონთა ყოველ ახალ „თაობას“ უწყვეტად გადაეცემა საუკუნეების განმავლობაში. აღიარება კი აუცილებელია იმიტომ, რომ მხოლოდ წესებისა და ტრადიციების დაცვა საკმარისი არ არის. აღიარება მოიცავს დასტურს იმისა, რომ ვეკუთვნით უწყვეტ მასონურ ძმურ ჯაჭვს.

ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ორი რეგულარული დიადი ლოჟა ერთმანეთს არ აღიარებს, ან აღიარებდა და შეწყვიტა აღიარება, ან მაგ. ორი თანაბრად ტრადიციული იურისდიქცია ერთი და იგივე სახელმწიფოში აღიარებს ორ სხვადასხვა ადგილობრივ დიად ლოჟას. რეგულარულობა ეს არის წესების ერთობლიობა, რომელთა შესრულებით მასონს აქვს უფლება ეწოდოს ასეთი. ამ წესებს მასონური ქვაკუთხედები ეწოდება. ასეთი ქვაკუთხედები ბევრია, თუმცა ძირითადი პრინციპები ერთია ყველა იურისდიქციისთვის.

ამასთან, არის სხვაობებიც, მაგ. რეგულარულ ანგლო – საქსონურ და ევროპულ – კონტინენტურ მასონობაში. ინგლისში ერთ-ერთი უმთავრესი მასონური ლენდმარკაა [ქვაკუთხედი] „ისეთი“ ღმერთის რწმენაა, რომელიც „გამოცხადებადია“, ხოლო, ევროპულ – კონტინენტურ მასონობაში – ღმერთის, შემქმნელის რწმენა საკუთარ თავში არ მოიაზრებს რომელიმე კონკრეტული და ტრადიციული რელიგიისადმი კუთვნილებას, ღმერთი ინდივიდუალურია.

კიდევ ერთი რეგულარულობის ქვაკუთხედია – ლოჟაში წარმოდგენილი და მუშაობის დროს გახსნილი – წმინდა კანონთა კრებული. ასეთი წიგნი შეიძლება იყოს რომელიმე ტრადიციული რელიგიის წმინდა წიგნი – ბიბლია, ყურანი, ვედები, ამათში მხოლოდ ბიბლიაა გახსნილი. ამასთან, ფრანგულ – კონტინენტურ რეგულარულ მასონობაში ნეოფიტს შეუძლია დადოს ფიცი ნებისმიერ წმინდა წიგნზე, ვინაიდან აქ მთავარია ფიცის ანუ პირობის დადება, რომელიც „წმინდაა“ და იდება სამყაროს დიადი ხუროთმოძღვრის წინაშე. წმინდა კანონთა კრებული წარმოადგენს პირველ სინათლის მნათობს, ხოლო დანარჩენი ორი – ფარგალი და გონიო, მატერიისა და სულიერი საწყისის სიმბოლოებია.

აუცილებელი ქვაკუთხედია (ლენდმარკა) ძმების მუშაობა ლოჟაში, ორდენის პირველ სამ სიმბოლურ ხარისხში. თითოეულ ლოჟას ხელმძღვანელობს [მეტად] ღირსეული ოსტატი და ორი –  პირველი და მეორე გუშაგი (ან უფროსი და უმცროსი გუშაგი ანგლო – საქსონურ ლოჟებში.).  ლოჟა უნდა იყოს დახურული, ეს გულისხმობს არა მხოლოდ პროფანების მიმართ შეზღუდვას, არამედ სათანადო ხარისხის ძმის დაშვებაზე ზედამხედველობას, ამა თუ იმ მუშაობაზე. ასევე, მასონური წესებით, ნებისმიერი ძმა ოსტატი, კანონიერად და რეგულარულად დაფუძნებული სიმბოლური ლოჟიდან უნდა იქნეს დაშვებული სხვა რეგულარულ და აღიარებაში მყოფ სიმბოლურ ლოჟაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ეს წესი გარკვეული შეზღუდვებით ვრცელდება შეგირდებზე და თანამოძმეებზე.

                                                                                                     
                                                                                                              ჯეიმს ანდერსონის კონსტიტუცია და საერთო რეგლამენტი

ნებისმიერი მასონი ძმა ვალდებულია დაემორჩილოს დიადი ლოჟის კონსტიტუციასა და საერთო (გენერალუ6რ) რეგლამენტს, აგრეთვე, დიადი ოსტატის გადაწყვეტილებებსა, მორალისა და ეთიკის კოდექსს, ასევე, საკუთარი სიმბოლური ლოჟის შიდა განაწესს. ძმა, რომელიც ტოვებს ორდენს, კარგავს რეგულარული ქვისმთლელის სტატუსს, ამასთან, არავის შეუძლია წაართვას მას ინიცირება [განდობის საიდუმლო] და მისი მასონური ფიცი რჩება ძალაში.

რეგულარულობის ერთ-ერთ პრინციპს მიეკუთვნება დიადი ლოჟების და სიმბოლური ლოჟების სუვერენიტეტი, თავისუფლება – ერთ ლოჟას არ აქვს უფლება ჩაერიოს მეორე ლოჟის საქმეებში. ყოველი სიმბოლური ლოჟა თავისუფალია, ამასთან, ემორჩილება დიადი ლოჟის – დიადი ოსტატის გადაწყვეტილებებს. მხოლოდ დიად ოსტატს (და რიგ შემთხვევებში მის მოადგილეს) აქვს უფლება უხელმძღვანელოს ნებისმიერ სიმბოლურ ლოჟას, გადააყენოს ღირსეული ოსტატი და ხმა მისცეს, ამა თუ იმ, ლოჟაში მისაღებ გადაწყვეტილებას. ყოვლად ღირსეული დიადი ოსტატის საკუთარი უფლებამოსილების ნაწილს გადასცემს ფრიად ღირსეულ ძმებს – დიად ოფიცრებს, რომლებთან ერთად ქმნის დიადი ლოჟის სტრუქტურას.

მასონობა არ არის კლასიკური დემოკრატიული სტრუქტურა, მიუხედავად თავისუფლებისა – მნიშვნელოვანია გამოცდილების პატივისცემა და მორჩილება. თავისუფლების უმთავრესი პრინციპია ყველა ძმის თანასწორობა. მაგრამ, იმისათვის, რომ აიგოს ტაძარი და სტრუქტურის მუშაობა იყოს ეფექტური – აუცილებელია ყველა ძმამ იცოდეს თავისი ადგილი და ფუნქცია ამ ძმურ ჯაჭვში, რომ ტაძრის კედლის ნაცვლად არ გამოვიდეს გაუთლელი ან თუნდაც გათლილი ქვების გროვა.

სიმბოლურ ლოჟებს შორის და სიმბოლურ ლოჟასა და დიად ლოჟას შორის კომუნიკაციას ახორციელებს ღირსეული ლოჟის ღირსეული ოსტატი და ლოჟის მდივანი. ეს კანონია. დიადი ლოჟის თუ სიმბოლური ლოჟის შიდა ადმინისტრაციულ საქმისწარმოებას, ურთიერთობებს და ნორმებს არეგულირებს დიადი ლოჟის საერთო რეგლამენტი.

მნიშნველოვანი მასონური ქვაკუთხედია ის წესიც, რომ დიადი ლოჟა დამოუკიდებლად ახორციელებს ზედამხედველობას სიმბოლურ პირველ სამ ხარისხზე და შოტლანდიური წესდების საბჭოს, დიად კაპიტულს თუ სხვა მასონურ ერთეულს არ აქვს დიადი ლოჟის ამ საქმიანობაში ჩარევის უფლება, ისევე, როგორც პირიქით.

ლოჟაში აკრძალულია რელიგიურ და პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა. სხვა ძმის აზრის პატივისცემა მნიშვნელოვანია, თუნდაც არ ვეთანხმებოდეთ. რელიგიური მრწამსი ინდივიდი ძმის პირადი საქმეა, ისევე როგორც მისი პოლიტიკური ხედვა ან კუთვნილება, ეს საკითხები რჩება ლოჟის მიღმა.

რეგულარული მასონობის მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი, ასევე, იმაში მდგომარეობს, რომ ქვისმთლელი შეიძლება იყოს მხოლოდ მამაკაცი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეს წესი დღეს არქაულ გადმონაშთად ეჩვენება. მე მიმაჩნია, რომ აქ უფრო მეტად „პრობლემატურია“ ე.წ. „შერეული“ მუშაობა – მამაკაცების და ქალების ერთობლივი რიტუალური კრება. ცალკე მომუშავე ქალ მასონთა ლოჟებს უკვე ას ორმოცდაათი და მეტი წლის ისტორია გააჩნიათ.

რაც შეეხება აღიარებებს – რა თქმა უნდა მათში უმნიშვნელოვანესია იმ რამდენიმე იურისდიქციის აღიარება, რომელიც ითვლება მასონური სინათლის ტრადიციის მატარებლად და გადამცემად, ესენია – შოტლანდია, ბელგია, ირლანდია, საფრანგეთი, ინგლისი, ა.შ.. ამასთან, ეს იურისდიქციები არ ჩქარობენ ახალი დიადი ლოჟების აღიარებას. თუ ახალ დიად ლოჟას აქვს ათამდე ან მეტი აღიარება სხვა რეგულარული დიადი ლოჟებისა, ის ითვლება რეგულარულად. ასევე მნიშვნელოვანია ტერიტორიული ერთიანობა, ანუ ერთ სახელმწიფოში მხოლოდ ერთი რეგულარული დიადი ლოჟის აღიარება. ამასთან, მსოფლიოში არსებობს რიგი გამონაკლისებიც.

ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, საქართველოში 2015 წლის მარტში დაფუძნდა, ჩამოთვლილი ყველა ქვაკუთხედის [ლენდმარკის] გათვალისწინებით, უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა (მასონთა) ორდენი – საქართველოს დიადი ლოჟა, რომელიც დღემდე წარმოადგენს – ერთადერთ რეგულარულ და სუვერენულ მასონურ გაერთიანებას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. მიუხედავად, მრავალი მცდელობისა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილიყო სხვადასხვა ე.წ. მასონური გაერთიანება, მასონურ ლეგიტიმაციას ვერ შეედავები. საქართველოს დიადი ლოჟა იცავს რეგულარულობის ყველა პრინციპს და აღიარებულია საერთაშორისო მასონური საზოგადოების მიერ, გააჩნია რამდენიმე ათეული აღიარება.

რეგულარულობის პრინციპები იცვლებოდნენ და იხვეწებოდნენ, ამასთან, ეს პრინციპები მხოლოდ უნივერსალური შეთანხმების საკითხია და მათში უმთავრესი და უცვლელი – შემქმნელის რწმენაა. მაგალითად, მეოცე საუკუნეში, რიგმა იურისდიქციამ დაუშვა და შექმნა ცალკე მდგომი ქალბატონების ლოჟები. ეს არ არის უნივერსალური პოზიცია და დამოკიდებულია იურისდიქციის დიადი ლოჟისა და მასში შემავალი სიმბოლური ლოჟების წევრთა შეხედულებებზე. დაუშვებელია შერეული ლოჟები და მუშაობა, ეს სცდება რეგულარულობის პრინციპებს. ასევე, ბევრ იურისდიქციაში (მ.შ. ჩრდ. ამერიკის, ინგლისის თუ საქართველოს დიად ლოჟებში) კანდიდატის მინიმალური საკი დაიწია 18 წლამდე.

 

ka_GEGeorgian