ს∴დ∴   ხ∴ს∴

უძველესი, თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი

თავისუფლება - თანასწორობა - ძმობა

საქართველოში ისტორიული მოვლენა 2015 წ. 14 მარტს მოხდა – დაფუძნდა საქართველოს ისტორიაში პირველად, რეგულარული საქართველოს დიადი ლოჟა, რომელიც არის ერთადერთი რეგულარული, კანონიერად დაფუძნებული, მასონური ლენდმარკების (ტრადიციების) სრულად დამცველი და რეალურად ფუნქციონირებადი სიმბოლური ლოჟების გაერთიანება (დიადი ლოჟა) საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. საქართველოს დიად ლოჟაში შემავალი ღირსეული (სიმბოლური) ლოჟები მდებარეობენ, როგორც ქ. თბილისში, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში. ღირსეული ლოჟები მუშაობენ უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების რიტუალში, ასევე ფრანგული წესდების რიტუალში. საქართველოს დიადი ლოჟა არ აღიარებს სხვა მასონურ სტრუქტურებს საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოში მასონური ორდენის ისტორია 1921-1924 წწ. შეწყდა, როდესაც მოხდა საქართველოს ოკუპაცია რუსეთის საბჭოთა რესპუბლიკის მიერ და ჩვენი სამშობლოს ნაძალადევად საბჭოთა კავშირში გაწევრიანების შემდგომ. საბჭოთა კავშირი, ისეთივე აბსოლუტური მმართველობის მომხრე იყო, როგორც შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია, სამეფო ოჯახები თუ ნაცისტური გერმანია, სადაც სიტყვის და აზრის თავისუფლება დანაშაულად ითვლებოდა, ამიტომ მასონური ორდენი და სწრაფვა თავისუფლებისკენ აკრძალული იყო.

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემგომ, ჩვენმა სამშობლომ მძიმე ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ისტორიული საფეხურები გაიარა, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მასონური გაერთიანებები იმ პერიოდში ვერ შეიქმნა, ამის არც დრო და არც გარემო არ იყო. საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ წევრიანდებოდნენ მასონურ ორდენში იმ იმედით, რომ მოვიდოდა დღე საქართველოში სუვერენული და ეროვნული დიადი ლოჟის დაფუძნებისა.

1998-2003 წლებში რუსეთის დიადი ლოჟა, ხოლო 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შემდგომ – სომხეთის დიადი ლოჟა  ცდილობს საქართველოში ლოჟების გახსნას. რიგი ქართველი ძმები არ ეთანხმებოდნენ მიმდინარე პროცესებს და მიდგომებს, ამიტომ, გამართეს აქტიური მოლაპარაკება ავსტრიის დიად ლოჟასთან, საქართველოში სინათლის შემოსატანად. საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა ავსტრიის დიადი ოსტატი, დიადი მდივანი და შოტლანდიური წესდების (Scottish Rite) დიადი კომანდორი, საქართველოში სამოგზაურო ლოჟის დაფუძნების ეგიდით. ქართველი ძმების (ანუ ძმების, რომლებიც სხვადასხვა მასონურ იურისდიქცია მიეკუთვნებოდა, მაგრამ ამასთანავე აქტიურად ცდილობდა საქართველოში მასონური სუვერენული და ეროვნული დიადი ლოჟის ჩამოყალიბებას) საორგანიზაციო ჯგუფმა პარალელურად მხარდაჭერისთვის მიმართა თურქეთის დიად ლოჟასა ლიეტუვის დიად ლოჟასა და ავსტრიის დიადი ლოჟის რეკომენდაციით – უკრაინის დიად ლოჟას.

2012 წელს, ქ. თბილისში შედგა მასონური კრება, რომელსაც რამდენიმე იურისდიქცია ესწრებოდა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პარალელურად ვითარდებოდა ქ. სტამბულის აღმოსავლეთით დაფუძნებული ლოჟა ქართველებისთვის – „პრომეთე“ #1004, რომელიც მოგვიანებით ქ. ბათუმში იქნა გადმოტანილი; ქ. კიევის აღმოსავლეთით დაფუძნებული ლოჟა ქართველებისთვის „წმინდა გიორგი“ #10, რომელიც მოგვიანებით გადმოტანილ იქნა ქ. თბილისში; ცალკე, სომხეთის დიადი ლოჟის ინიციატივით ქ. ერევანის აღმოსავლეთით დაფუძნებული ლოჟა ქართველებისთვის „ოქროს საწმისი“ #7, რომელიც მოგვიანებით, აგრეთვე, იქნა გადმოტანილი ქ. თბილისში და რუსეთის დიადი ლოჟის მიერ დაფუძნებული ლოჟა ქართველებისთვის „მეფე დავით აღმაშენებელი, ქ. მოსკოვში, რომელიც მოგვიანებით გადმოეცა საქართველოს დიადი ლოჟის შემადგენლობას და გადმოტანილ იქნა ქ. თბილისში. ამ ლოჟათა უმრავლესობა, სამომავლოდ, უნდა გამხდარიყო საქართველოს დიადი ლოჟის დაფუძნების საფუძველი. თუმცა, მოგვიანებით ქართველი ძმების უმეტესობამ აღნიშნული ლოჟები ან დატოვა ან მოხდა განხეთქილება. რუსეთის დიადმა ლოჟამ დააფუძნა მასონური დისტრიქტი „კავკასია“ და ორი ლოჟა ქ. თბილისში – „წმინდა თამარ მეფე“ და „გიორგი V ბრწყინვალე“. ამავე დისტრიქტში შედიოდა ლოჟა ქ. სოხუმში – „ლეონ დიდი“. ქართველ ძმების საინიციატივო ბირთვმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ევროპის დიად ლოჟათა კრებებზე საკითხი გადაწყვეტილიყო ჰარმონიულად და მიღწეული ყოფილიყო შეთანხმება, საბოლოოდ,  საინიციატივო ჯგუფმა მიაღწია შეთანხმებას რუსეთის დიად ლოჟასთან და 2015 წლის მარტში სამი ლოჟის და 21-ზე მეტი ოსტატი მასონის მონაწილეობით დაინსტალირდა საქართველოში პირველი და ერთადერთი კანონიერი – საქართველოს დიადი ლოჟა. უკრაინის დიადმა ლოჟამ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღო, პოლიტიკური და საომარი მდგომარეობის გამო რუსეთთან, ამ ორი ქვეყნის დიადი ლოჟა ერთმანეთს იმ წლიდან აღარ აღიარებდა, ასევე ერთმანეთს არ აღიარებს თურქეთისა და სომხეთის დიადი ლოჟები. კონსესუსი ვერ შედგა, იმუშავა პრინციპმა – თუ ვინ პირველი დააფუძნებს კანონიერად „ცარიელ ტერიტორიაზე“, ტრადიციების დაცვით, დიად ლოჟას.

2016 წელს საქართველოს დიადი ლოჟა აუქმებს რუსეთის დიადი ლოჟის ურთიერთ აღიარებას, ამ უკანასკნელის სდლ-ის შიდა თუ საერთაშორისო საქმიანობაში უხეში ჩარევის მცდელობის გამო და ირჩევს ახალ დიად ოსტატს. 2019 წელს საქართველოს დიადი ლოჟის ეროვნულმა ასამბლეამ 3 წლის ვადით აირჩია მის ისტორიაში მესამე დიადი ოსტატი. 2020 წელს საქართველოს დიადმა ლოჟამ აღნიშნა დაფუძნებიდან 5 წლის იუბილე.

2017 წელს საქართველოს დიადი ლოჟა ხდება „კავკასიის მასონთა კონფედერაციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი, ხოლო 2018 წელს „ევროპის გაერთიანებული დიადი ლოჟების“ და „გაერთიანებული დიადი ლოჟების საერთაშორისო კონფედერაციის“ დამკვირვებელი წევრი ხდება. ამავე წელს, საქართველოს დიადი ლოჟა ხელს აწერს თანამშრომლობის მემორანდუმს „საერთაშორისო მასონურ კვლევით ინსტიტუტთან“, რომლის წარმომადგენლობაც გაიხსნა ქ. თბილისში. 2019 წლიდან საქართველოს დიადი ლოჟა „შავი ზღვის აუზის მასონთა ალიანსის“ თანადამფუძნებელი და პრეზიდენტია 3 წლის ვადით. საქართველოს დიად ლოჟას აღიარებენ რეგულარული დიადი ლოჟები მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან.

საქართველოს დიადი ლოჟის საფარველ ქვეშ მომუშავე სიმბოლური ლოჟების რეორგანიზაციისა და რეფორმირების შემდგომ, 2021 წლის იანვრის მდგომარეობით 7 ღირსეული ლოჟა შედის დიადი ლოჟის იურისდიქციაში:

  • „მეფე დავით აღმაშენებელი“ #1 (თავის დროზე რუსეთის დიადი ლოჟის მიერ გადმოცემული ლოჟა), ქ. თბილისის აღმოსავლეთით;
  • „აკაცია“ #2 (სიმბოლური ლოჟა „წმინდა თამარ მეფე“-ს სამართალმემკვიდრე). ქ. თბილისი აღმოსავლეთით;
  • „ვარდი და ჯვარი“ #3 , ქ. თბილისი აღმოსავლეთით;
  • „მეფე სოლომონი“ #4 , ქ. ქუთაისის აღმოსავლეთით;
  • „ან ნურ“ #5 ქ. მარნეულის აღმოსავლეთით; სამოგზაურო ლოჟა
  • „ოქროს საწმისი“ #6, სამოგზაურო ლოჟა
  • „პითაგორა“ #7, ქ. თბილისის აღმოსავლეთით

2017 წელს საქართველოს დიადი ლოჟის დიადი ოსტატის დეკრეტითა და ნებართვით და საფრანგეთის უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების უმაღლეს საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს დიადი ლოჟის წევრი ოსტატ მასონების მიღება დაიწყო წესდების ზედა საფეხურებზე. 2020 წელს დაფუძნდება უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების (Scottish Rite) სრულყოფილების ლოჟა „პრომეთე“ P245 ქ. თბილისში, უახლოეს მომავალში კი იგეგმება წესდების კაპიტულისა და არეოპაგის დაფუძნება, რასაც საქართველოს სუვერენული უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების დიად ინსპექტორთა ოცდა მეცამეტე  და ბოლო ხარისხის მასონთა უმაღლესი საბჭოს ჩამოყალიბება მოჰყვება.

2018 წელს საქართველოს დიადი ლოჟის დიადი ოსტატის დეკრეტითა და ნებართვის საქართველოში დაფუძნდება ვარდისა და ჯვრის (როზენკროიცერული) და სამეფო თაღის (Royal Arch) სტრუქტურებიც. ინგლისის როზენკროიცერთა საზოგადოების მიერ მიღებულ იქნა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება – ქართველი ძმების გაწევრიანება და საქართველოში როზენკროიცერული ლოჟის დაფუძნება.

საქართველოს დიადი ლოჟა 2022 წლიდან გეგმავს საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყებასაც.

საქართველოს დიადი ლოჟა დიდი პატივისცემით არის გამსჭვალული ყველა რეგულარული დიადი ლოჟის მიმართ, ამასთან, არ იწონებს და არ სცნობს არანაირ მცდელობას ალტერნატიული მასონური სტრუქტურის დაფუძნებისა საქართველოში.

საქართველოს დიადი ლოჟა არის კანონიერად ინსტალირებული მასონური წესების სრული დაცვით და რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ka_GEGeorgian