ძვირფასო მეგობრებო,

საფრანგეთი არის სახელმწიფო, რომელშიც თანაზიარად არსებობს მრავალი უძველესი და ძალიან საინტერესო ტრადიცია, ორდენი თუ სპირიტუალური მიმართულება. ვეცდები მოკლედ, მაგრამ შინაარსობრივად და გასაგებად გადმოგცეთ საფრანგეთში მასონური ორდენის განვითარების ეტაპები.

საფრანგეთში, პირველი მასონური ლოჟები შოტლანდიელმა სამხედროებმა და ემიგრანტებმა ქალაქ ბორდოში, ხოლო ირლანდიელმა სამხედროებმა სენჟერმენდეპრეში დააფუძნეს მე-17 საუკუნის ბოლოს, მე-18 საუკუნის დასაწყისში… საფრანგეთში საკმაოდ ძლიერი იყო როზენკროიცერთა და სხვადასხვა ეზოთერული მიმართულება, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკური ეკლესია მუდამ ცდილობდა მათ შესუსტებას.

1735 წელს, ინგლისის დიდი ოსტატი და რიჩმონდის ჰერცოგი ჩავიდა პარიზში, ორდენის ახალი წევრების ინიცირების მიზნით, მათ შორის სახელმწიფო მდივნის – გრაფ სენ ფლორენტინის, რომელსაც რეკომენდაციას მონტესკიე უწევდა. ეს ყოველივე ინგლისში დიდ განხეთქილებამდე ხდება.  ამ პერიოდში, ლუდოვიკო XV ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო, საზოგადოებაში კი სოციალური, მორალური და დემოკრატიული ფასეულობები არც თუ ისე მტკიცე და გავლენიან პრინციპებს წარმოადგენდა. ლოჟები და მასში შემავალი არისტოკრატიული და ბურჟუაზიული ფენები არსებული მდგომარეობისა და მმართველობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

1737 წელს, რომის პაპის კლემენსას ბულაზე დაყრდნობით, მეფის პრემიერ-მინისტრმა, კარდინალმა ფლერიმ გამოსცა დეკრეტი, რომლითაც კრძალავდა ლოჟების არსებობასა და ფუნქციონირებას. ყველა მასონს მკაცრი დასჯა ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, მასონო-ბა პროტესტის ახალ ფორმად იქცა, იმ გამეფებული, აუტანელი მდგომარეობის წინააღმდეგ, რაც საზოგადოებაში, სახელმწიფოსა და ეკლესიაში სუფევდა. ამავე წელს, ცნობილმა შოტლანდიელმა მასონმა, არისტოკრატმა ანდრეას მაიკლ რამსეიმ წარმოსთქვა ცნობილი სიტყვა, იგი მსოფლიოს ხედავდა, როგორც „დიდ რესპუბლიკას, რომელშიც ყოველი ერი, წარმოადგენს ერთ დიდ ოჯახს და ყოველი მოქალაქე მისი შვილია“.

საფრანგეთში, კარგად ახსოვდათ, ერთ დროს ძლიერი და გავლენიანი ტაძრელთა ორდენი, ჟაკ დე მოლეს ხელმძღვანელობით… 400 წლის შემდგომ, ტაძრელთა ორდენი და რაინდული საზოგადოებები ინტენსიურად იხსნებოდნენ და ვითარდებოდნენ. ამავე პერიოდში, არსებობდა მასონური ლოჟების მსგავსი მრავალი სტრუქტურა, საზოგადოება და ერთობა, მაგალითად „რჩეულნი ლეონიდან“, „არასის კაპიტული“, „კლერმონტის კაპიტული“, „ნოაქიტი“, „ფილალეტი“, მარტინისტთა ორდენი და სხვადასხვა ოკულტუ-რი და მისტიკური ორდენი. ამ მრავალფეროვნებიდან, საფრანგეთში გამოირჩეოდა საფრანგეთის დიადი ლოჟა.  აქვე აღსანიშნავია, რომ სახელწოდება „საფრანგეთის დიადი ლოჟა“ (“Grande Loge de France”) ეწოდება პირველ მასონურ დიად ლოჟას საფრანგეთის ტერიტორიაზე, თუმცა მისი დაფუძნების ზუსტი თარიღი უცნობია. 1773 წელს ამ დიადმა ლოჟამ დაამტკიცა ახალი წესდება და აიღო ახალი სახელწოდება – საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი (Grand Orient de France). ყოველივე ეს კავშირში იყო საფრანგეთის რევოლუციასთან. ამასთანავე, საფრანგეთის დიად ლოჟაში შემავალი ლოჟების გარკვე-ულმა რაოდენობამ აღნიშნული ცვლილებები არ მიიღო და განაგრძობდა მუშაობას ძველი სახელწოდებით, თუმცა 1799 წელს ეს ორი სტრუქტურა კვლავ ერთიანდება.

მასონურ ლოჟებში, მთლიანად იმარჯვებს დემოკრატიული ტენდენციები: ლოჟის ოფიცრები ირჩეოდნენ და არა ინიშნებოდნენ, თავისუფლება და თანასწორობა, ძირითად პრინციპებად იქნა გამოცხადებული. ამავე დროს დაიწყო საკმაოდ ცნობილი ადამიანების გაწევრიანება ორდენში. მონტესკიეს კვალდაკვალ ორდენში გაწევრიანდა, ფილოსოფოსი ჰელვეციუსი, ასტრონომი ლალანდი, მათემატიკოსი კონდორსე. მათი ლოჟის – ცხრა და ოსტატი იყო ბენჯამინ ფრანკლინი, ლოჟის წევრები იყვნენ, ფრანსუა დე ლაროშფუკო (მწერალი, აშშ-ის კონსტიტუციის მთარგმნელი ფრანგულ ენაზე), ვოლტერი, ლაფაიეტი, ალამბერი (ფილოსოფოსი, განმანათლებელი, „მეცნიერული ენციკლოპედიის“ რედაქტორი), მხატვრები ვერნე და გრეზე, სკულპტორი გუდონი, პოეტი ანდრე შენიე, აბატი სეიესი. ფრანგული ლოჟების წევრები ხდებიან მირამბო, ბოგარნე, ბომარშე, ჟოზეფ მარი დე მესტრი, შუაზელი, შამფორი, მასენა, ტალეირანი

საფრანგეთის, 1789 წლის რევოლუციის პირველ ეტაპზე, როდესაც ხელისუფლების ჰუმანური, არაძალისმიერი მეთოდებით შეცვლაზე იყო საუბარი, 578 დეპუტატიდან 477 მასონი იყო. ამ პერიოდში, ევროპაში პირველად დაიწყეს საუბარი ადამიანის უფლებებზე. ინგლისისგან განსხვავებით ლოჟებში დამკვიდრებულ იქნა თანასწორი არჩევნების პრინციპი, დიად ლოჟას თუ მასში შემავალ სიმბოლურ ლოჟებს ხელმძღვანელობდნენ (და დღესაც ეს დიდი სხვაობა შენარჩუნებულია) ნებისმიერი სოციალური თუ ეთნიკური წარმოშობის ღირსეული მამაკაცები. ინგლისში მოგეხსენებათ, რომ ხელმძღვანელი პოსტები, რა თქმა უნდა, დიადი ოსტატით დაწყებული – მხოლოდ „ცისფერ სისხლიანებისთვის“ არის დაშვებული, მათვის, ვინც ვინძორების სამეფო ოჯახს და მის სანათესაოს მიეკუთვნება.

3 წლის შემდგომ, ხელისუფლებაში რადიკალები მოდიან და 1792 წელს საფრანგეთში აიკრძალა მასონური ორდენი, რევოლუციის ამ ეტაპმა, დიდი დარტყმა მიაყენა მასონურ საძმოს, 70 ათასი მასონიდან, ნახევარიც აღარ იყო დარჩენილი. 1798 წლიდან, ხელახლა დაიწყო ორდენის გაძლიერება, რაც ნაპოლეონ ბონაპარტთან და მის ოჯახის წევრებთან იყო დაკავშირებული. ნაპოლეონის წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლების შემდგომ, მასონური ორდენი კვლავ გაიყო, დაიწყო მასონების დევნა, რომლებსაც კვლავ იაკობინელებს ან ბონაპარტისტებს უწოდებდნენ, სასულიერო და საზოგადო მოღვაწეებმა დაიწყეს ლოჟების მიტოვება, ლოჟების რიცხვიც მცირდებოდა.

გასააზრებელია, რომ საფრანგეთში მასონობა ძირითადად დაფუძნებული იყო და არის ძველ და აღიარებულ შოტლანდიურ წესდებას, ხოლო მასონური ლოჟების ისტორია 17 საუკუნიდან იწყება. ამასთანავე, ძველი და აღიარებული შოტლანდიური წესდება, როგორც სტრუქტურა ცალკე არსებობდა და სიმბოლური ლოჟები ცალკე (შემდგომში დიად ლოჟებში გაწევრიანებულნი). 1799 წლიდან 1894 წლამდე საფრანგეთში არსებობდა ერთი მძლავრი დიადი ლოჟა – საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე. 1894 წელს გრანდ ორიენტს – დიად აღმოსავლეთს კვლავ გამოეყო ლოჟების ნაწილი, რომელმაც აღადგინა 1799 წლამდე არსებული წესდება და დაიბრუნა სახელწოდება – საფრანგეთის დიადი ლოჟა. ინგლისის გაერთიანებულმა დიადმა ლოჟამ არ აღიარა ამ ორიდან არც ერთი დიადი ლოჟა და მხოლოდ მე-20 საუკუნეში ხელი შეუწყო საფრანგეთში მესამე დიადი ლოჟის დაფუძნებას, რომელსაც მისცა „ბრიტანული ხაზის აღიარება“.

1820 წელს საიმპერატორო და სამხედრო ლოჟების წარმომადგენლებმა აღადგინეს შეკრებები მემფისის და მიცრაიმის რიტუალებით მომუშავე ლოჟებში. ამ პერიოდში გრძელდება მასონების დივერსიფიკაცია „როიალისტ“ და „რესპუბლიკელ – ბონაპარტის“ მასონებად.

1804 წელს, საფრანგეთში ჩამოდის დე გრასი ტილლი, რომელიც ძველი და აღიარებული შოტლანდიური წესდების უმაღლესი საბჭოს (სამხრეთ იურისდიქცია, ჩარსლტონი, აშშ) დავალებით იყო აღჭურვილი – ევროპაში დაენერგა ეს ახალი სისტემა, რომელიც 33 საფეხურისგან შედგებოდა. მან ეს დავალება საფრანგეთში წარმატებით შეასრულა და გააერთიანა ახალი სისტემა არსებული, დიდი ლოჟის სისტემასთან, შექმნა ახალი – საფრანგეთის უმაღლესი საბჭო.

მას შემდგომ, საფრანგეთში ორი საზოგადოება ვითარდებოდა – დიდი აღმოსავლეთი და უმაღლესი საბჭო, სწორედ ეს უკანასკნელი გახდა 1894 წელს „საფრანგეთის დიადი ლოჟის“ ხელახლი აღდგენის ინიციატორი, რომელსაც თვითონვე ხელმძღვანელობდა 1904 წლამდე, ხოლო შემდგომ, როგორც ეს რეგულარულობის პრინციპებიდან გამომდინარეობს – მასონურ პირველ სამ ხარისხს ხელმძღვანელობს და „კურირებს“ საფრანგეთის დიადი ლოჟა, ხოლო 4-33 ხარისხებს – საფრანგეთის უმაღლესი საბჭო.

არა მხოლოდ პოლიტიკამ გაჰყო ორად მასონური ორდენი საფრანგეთში – ლიბერალიზმის, პოზიტივიზმისა და ლაიციზმის იდეები ეწინააღმდეგებოდა ტრადიციონალისტურ იდეებს. მაგ., 1877 წელს საფრანგეთის დიდმა აღმოსავლეთმა მოაშორა სიმბოლო, რომელიც შემქმნელის, დიადი არქიტექტორის აღმნიშვნელი იყო, უფრო მნიშვნელოვნად სინდისის თავისუფლების პრინციპი გამოაცხადა და  ლოჟის კარი ათეისტებს და შემდგომ წლებში – მანდილოსნებსაც გაუღო. ამ გადაწყვეტილებამ, საფრანგეთის დიდი აღმოსავლეთი, საბოლოოდ გამოთიშა რეგულარული მასონური მიმართულებიდან. ინგლისის გაერთიანებულმა დიადმა ლოჟამ  შეწყვიტა კავშირი საფრანგეთის დიად აღმოსავლეთთან.

როგორც აღვნიშნე, 1894 წელს მოხდა ლოჟების ნაწილის (თითქმის ნახევარი რაოდენობის) გამოსვლა საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთიდან და საფრანგეთის დიადი ლოჟის აღდგენა. 1913 წლისთვის საფრანგეთში არსებობდა ორი  მასონური დიდი ლოჟა – საფრანგეთს დიადი აღმოსავლეთი და საფრანგეთის დიადი ლოჟა, როდესაც ინგლისმა შექმნა (ხელი შეუწყო) მესამე დიადი ლოჟა, რომელსაც საფრანგეთის ნაციონალური დიადი ლოჟა ეწოდა. იგი მაშინაც და დღესაც ყველაზე მცირერიცხოვანი გაერთიანებაა საფრანგეთში. ერთი პერიოდი მანაც დაკარგა რეგულარულობა 2012 წელს და საფრანგეთში ახალი რეგულარული დიადი ლოჟა შეიქმნა – „საფრანგეთის რეგულარულ მასონთა ალიანსი“ (სნდლ – დან წამოსული ლოჟები და მასონი ძმები), რომელიც გეგმავდა საფრანგეთის დიად ლოჟასთან გაერთიანებას და იყო ისტორიული შანსი ინგლისსა და საფრანგეთს შორის აღდგენილიყო ურთიერთ აღიარება და ერთობა, რასაც აქტიურად უწევდა რეკომენდაციას და მხარდაჭერას გერმანიის გაერთიანებული დიადი ლოჟა, ავსტრიის დიადი ლოჟა, შვეიცარიის დიადი ლოჟა – ალპინა, ლუქსემბურგის დიადი ლოჟა და ბელგიის დიადი ლოჟა… მაგრამ სამწუხაროდ ინგლისმა რამდენიმე წლის ფიქრის შემდგომ კვლავ არჩია საფრანგეთის ნაციონალური დიადი ლოჟის ხელახლა აღორძინება…

მეორე მსოფლიო ომმა, კვლავ დიდი დარტყმა მიაყენა ფრანგ მასონებს. ნაცისტურმა მარიონეტულმა ფრანგულმა მთავრობამ, ბერლინის ნაცისტური მთავრობის დავალებით, აკრძალა ყველა მასონური ლოჟა, დაიწყო მასონების დაპატიმრება. ძმების უმეტესობა შეურთდა ფრანგულ პარტიზანულ წინააღმდეგობას. მხოლოდ 1943 წლიდან აღდგა ფრანგული ლოჟების მუშაობა ჩრდილოეთ აფრიკის კოლონიებში. 1945 წელს პრეზიდენტ რუზველტის დახმარებით საფრანგეთის დიად ლოჟას დაუბრუნდა შენობა და არქივები, თუმცა ამ არქივების ნაწილი ბერლინიდან მოსკოვში მოხვდა…

დღეს საფრანგეთის დიად აღმოსავლეთში 60 000-დე წევრია, საფრანგეთის დიად ლოჟაში – 40 000 მასონია, საფრანგეთის დიად ლოჟასთან აფილირებული და აღიარებაში მყოფ საფრანგეთის მასონთა ალიანსი – დიადი ლოჟა – 18 000 ძმა მასონი, ისევე როგორც მეორე მოძმე დიად ლოჟაში – სიმბოლური დიადი ლოჟა – ოპერა – 12 000 ძმა მასონზე მეტია. ბრიტანულ პროექტში – საფრანგეთის ნაციონალური დიადი ლოჟა – 4-8 ათასი (დაუზუსტებელია დღემდე)  წევრია.

რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ საუკუნეების წინ დაწყებული პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჭიდილი, რასაც საერთო არ აქვს ჭეშმარიტ მასონურ იდეალებთან, რეგულარულობასთან და ღირებულებებთან, ინგლისსა და საფრანგეთს შორის კვლავ გრძელდება. 2012 წელს იყო იდეალური ისტორიული შესაძლებლობა ამ ორი ისტორიულად მდიდარი და საინტერესო მიმართულების ურთიერთ აღიარებისა. საკმაოდ წონიანი შუამავლებიც ჰყავდა ამ საქმეს, ანგლო-საქსონური ხაზის დიადი ლოჟებიდან – ავსტრია, გერმანიის გაერთიანებული დიადი ლოჟა, ბელგია, ლუქსემბურგი და შვეიცარია (ალპინა), ისევე როგორც მომხრეთა დიდი რაოდენობა – შვედეთი, ისლანდია, დანია, ნორვეგია, ფინეთი და სხვა. მაგრამ ალბათ ორივე გაჯიუტდა, განსაკუთრებით კი ინგლისი, რადგან დღემდე ითვლება მასონთა „დედა ლოჟად“, რაც რომ დავაზუსტოთ მართებულია – პირველ დიად ლოჟად, რომლის სამართალმემკვიდრეა დღევანდელი ინგლისის გაერთიანებული დიადი ლოჟა; და არა „მასონობის“ როგორც ესეთის, აკვანი თუ „დედა“… და სავარაუდოთ არ სურს შოტლანდიას დაუთმოს აქ „სიძველე“.  საფრანგეთის დიადი ლოჟა აშშ-ში რამდენიმე ისტორიული დიადი ლოჟის დამფუძნებელია და მათთან ისტორიული კავშირი გააჩნია.

რომ შევაჯამოთ – საფრანგეთში (დადასტურებულად) ყველაზე ძველ ლოჟად ითვლება „სრულყოფილი თანასწორობა“ Perfect Equality, რომელიც 1688 წელს დაფუძნდა. იგი იყო სამხედრო ლოჟა, რომელიც ჩარლზ II-ს მიერ 1661 წელს დაფუძნებული პოლკის წევრებისგან შედგებოდა და რომელიც ბოლომდე დარჩა სტიუარტების სამეფო ოჯახის ერთგული. ასევე, საინტერესოა, რომ ფრანგული ლოჟა 1720-23 წლებიდან ინგლისშიც ფუძნდება, ინგლისის პირველი დიადი ლოჟის (მისი სრული და ოფიციალური სახელია – ლონდონისა და ვესტმინსტერის დიადი ლოჟა, დაფუძნდა 1717 წ. 24 ივნისს) სისტემაში, მისი ღირსეული ოსტატი ჟან დესაგულიე (John Theophilus Desaguliers), ხოლო წევრებს შორის – ჯეიმს ანდერსონიც ირიცხებოდა, შემდგომში კონსტიტუციის ავტორი. 1732 წლიდან ლონდონის დიადი ლოჟა ხსნის მის ლოჟებს საფრანგეთში, სავარაუდოდ 1733 წლიდან არსებობს უკვე საფრანგეთის დიადი ლოჟა, თუმცა როგორც მკვლევარები ამტკიცებენ სრულად „ფრანგული ფენომენი“ ანუ სრულად დამოუკიდებელი სტრუქტურა საფრანგეთის დიადი ლოჟა 1743 წელს გახდა. 1773 წელს დიადი ლოჟა გაიყო და შეიქმნა ახალი – საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი, რომელიც იყენებდა ლონდონის დიადი ლოჟის რიტუალს.  1799 წლიდან საფრანგეთის დიადი ლოჟა და საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი კვლავ ერთიანდება და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მასონური გაერთიანება ხდება. საბოლოოდ, საფრანგეთის დიადი ლოჟა მიჰყვება 1804 წლის ძველი და მიღებული შოტლანდიური წესდების ტრადიციებს და ვითარდება როგორც რეგულარული დიადი ლოჟა, ხოლო საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთი ხდება მასონურ სისტემაში ახალი, ე.წ. „ლიბერალური“ მიმდინარეობა, რომელიც დამოუკიდებლად განვითარდა, კარი გაუღო ათეისტებს, ქალბატონებს და მოკლედ – ყველას, ვისაც სათანადო სურვილი გააჩნდა გამხდარიყო მისი წევრი. საფრანგეთის დიადი ლოჟა დარჩა მხოლოდ მამაკაცთა ერთობად, რომელიც აღიარებს შემოქმედს, ანუ სამყაროს დიად ხუროთმოძღვარს და 1875 წლის ლოზანის კონვენტზე მსოფლიო უმაღლეს საბჭოს მიერ დამტკიცებულ რეგულარულობის პრინციპებს, ისევე როგორც, ანდერსონის კონსტიტუციის პრინციპებს.

იმ მრავალ მიზეზთაგან, თუ რატომ არ არიან ურთიერთ აღიარებაში ინგლისური და ფრანგული ხაზი, აღსანიშნავია  – შოტლანდიური ფესვების გაქარწყლება ინგლისში, ხოლო საფრანგეთში პირიქით – მათი მნიშვნელობა და მით უფრო შოტლანდიიდან მიღებული უმაღლესი ხარისხების რიტუალები, რომელთა შერწყმით ჩამოყალიბდა ძველი და მიღებული შოტლანდიური წესდება და შესაბამისად 33-თა ხარისხის უმაღლესი საბჭოები; ასევე, პოლიტიკური მიზეზები, დაკავშირებული სტიუარტების სამეფო ოჯახთან და 1714 წლის შემდგომ ინგლისში გამოჩენილ გერმანულ სამეფო ხაზთან; ისევე, როგორც „ტრადიციული“ პოლიტიკური ქიშპობა ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიებს შორის, რომელთაგან ერთი იყო და დარჩა მონარქია (რასაც თავისებური გავლენა გააჩნია მასონურ ორდენზე ინგლისში), ხოლო მეორე უკვე 250 წელია რესპუბლიკაა და მის ლოჟებში არჩევითობის და უფლებების პრინციპი თანასწორობაზეა დაფუძნებული და არა წარმომავლობაზე; ინგლისში მომხდარი განხეთქილება სწორედ „ძველებსა“ და „თანამედროვეთა“ შორის მოხდა, საფრანგეთმა შეინარჩუნა „ძველების“ პრინციპები და რიტუალები, ხოლო 1807 წელს დაფუძნებულმა ინგლისის გაერთიანებულმა დიადმა ლოჟამ თავი გამოაცხადა ორი ამ მიმართულების ერთობის შედეგად შექმნილ სტრუქტურად, თუმცა მასში მეტი „თანამედროვეთა“ -გან არის. ინგლისმა ორჯერ გაუშვა ისტორიული შანსი ურთიერთ აღიარებისა – 1905 წელს, როდესაც საფრანგეთის დიადი ლოჟა აბსოლუტურად სუვერენული გახდა უმაღლესი საბჭოსგან და მას აღიარებდა თითქმის ყველა მსოფლიო რეგულარული დიადი ლოჟა (რადგან მაშინ არც იყო ასეთი მკვეთრი გამიჯვნა „ანგლო-საქსონურ“ და „ფრანგულ-კონტინენტურ“ მასონურ მიმართულებებად) და 2011-2013 წწ, როდესაც დაიშალა მარტივ მამრავლებად ანგლო-საქსონური მიმართულების საფრანგეთის ნაციონალური დიადი ლოჟა. ინგლისმა ნაცვლად ერთობისა და ურთიერთ აღიარებისა, 1913 წელს აღიარა ახალი დიადი ლოჟა, რომელიც სულ ორი ლოჟისგან შეიქმნა (ერთი წამოსული საფრანგეთის დიადი აღმოსავლეთის იურისდიქციიდან და მეორე საერთოდ „ველური“ ანუ მარტო მყოფი ლოჟა ბორდოდან)  –  საფრანგეთის ნაც. დიადი ლოჟა. მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ამ წარმონაქმნს გამოეყო ორჯერ ლოჟების გარკვეული რაოდენობა, რომელთაგან ერთმა ფრთამ შექმნა – სიმბოლური დიადი ლოჟა – ოპერა, ხოლო მეორე ფრთამ – საფრანგეთის ნაციონალური ლოჟა. 2012 წელს მესამე ფრთამ, რომელიც გამოეყო საფრანგეთის ნაციონალურ დიად ლოჟას (ანგლო-საქსონური მიმართულება)  დააფუძნა კიდევ ერთი დიადი ლოჟა – საფრანგეთის მასონთა ალიანსი. ეს დიადი ლოჟები აფილირებულნი არიან, გააჩნიათ ურთიერთ აღიარება და მეგობრობა საფრანგეთის დიად ლოჟასთან.

ეს მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია მოგაწოდეთ საფრანგეთის მასონურ ისტორიაზე, რომელიც ძალიან მდიდარია და საინტერესოა, ტრადიციული და მეორე მხრივ ინოვაციური. შოტლანდიის, ირლანდიის, ინგლისის, ავსტრიის, ნიდერლანდების, სკანდინავიის სახელმწი-ფოთა მასონობის მსგავსად, საფრანგეთის მასონობაც თან ინდივიდუალურია და თანაც უძველესი მსოფლიოში. საფრანგეთის დიადი ლოჟა ხელმძღვანელობს რა 1875 წლის ლოზანის მსოფლიო კონვენტის მიერ დამტკიცებული პრინციპებით:

თავისუფალი ქვისმთლელობა აცხადებს და აცხადებდა მისი არსებობის დასაბამიდან, შემოქმედებითი პრინციპის არსებობას, რომელსაც სამყაროს დიადი ხუროთმოძღვარი ეწოდება. იგი არ აწესებს არანაირ შეზღუდვას ჭეშმარიტების ძიებაზე და ითხოვს ტოლერანტობას ყველა მასონისგან, უზრუნველყოფს რა თავისუფლებას ყველასთვის.

თავისუფალი მასონობა ღიაა ყველა მამაკაცისთვის, მიუხედავად მათი რასისა, აღმსარებლობისა თუ ეროვნებისა. მასონობა კრძალავს პოლიტიკურ და რელიგიურ დისკუსიებს ლოჟებში, იაზრებს რა ყოველი ძმის თავისუფლებას მის პოლიტიკურ თუ რელიგიურ ხედვებში და მოღვაწეობაში, ლოჟის გარეთ, მანამ ასეთი ძმები კეთილი სახე-ლით სარგებლობენ და არიან თავისუფალი და ღირსეულნი.

თავისუფალი ქვისმთლელობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა უვიცობასთან ბრძოლა, ყველა მის გამოვლინებაში, მასონური ორდენის მოთხოვნა მის წევრებისადმი დაფუძნებულია ადგილობრივი კანონმდებლობის მორჩილებაზე, ღირსეულ ცხოვრებაზე, სამართლიანობის დაცვაზე, მოკეთის სიყვარულზე, კაცობრიობის კეთილდღეობისთვის ღვაწლი, ყოველგვარი სარგებლის გარეშე; პროგრესის და მშვიდობის დამკვიდრება.“

საქართველოს დიადი ლოჟის

დიადი უმცროსი გუშაგი ფრ∴ ღ∴ ძმა ზაზა ხ∴