Deus Meumque Jus

ძვირფასო მკითხველო,

ბევრი გსმენიათ ალბათ მასონურ უმაღლეს ხარისხებზე, ე.წ. „33-თა უმაღლეს საბჭოზე“ და ამ ყველაფერთან დაკავშირებულ ლეგენდების შესახებ. საქართველოში ნაკლებად არის გაცხადებული ეს საკითხები და ამ წერილში მომეცა საშუალება მეტი მესაუბრა უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებაზე – Ancient and Accepted Scottish Rite. ერთ წერილში რთულია სრულად დაფარო საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ამ უძველეს მასონურ მიმართულებასთან, შევეცდები, მოკლედ მოგითხროთ ამ საკითხზე და საქართველოში წესდების განვითარების შესახებ.

შოტლანდიური წესდების რიტუალები არსებობდა უძველესი ხანიდან, 17 საუკუნის ბოლოს, მე-18 საუკუნის დასაწყისში ეს რიტუალები (მათი რიცხვი მაშინ 25-ს შეადგენდა) მოხვდა საფრანგეთში შოტლანდიიდან, ბორდოს ლოჟის გავლით. მისი სახელწოდება, შოტლანდიელი ემიგრანტების დამსახურებაა, რომლებიც ინგლისელებს გაურბოდნენ საფრანგეთში. უმაღლესი რიტუალების სისტემა, ერთიანი სტრუქტურა მაშინ არ არსებობდა.

ენდრიუ რამსის მეშვეობით, „მაღალი საფეხურების“ სისტემა ნელ-ნელა დამკვიდრდა ბევრ ფრანგულ ლოჟაში, მე-18 საუკუნეში კი, ფრანგულ კოლონიებში შოტლანდიური რიტუალები ეტიენ მორინთან ერთად შევიდა, როდესაც შევალიე მორინი „ახალი სამყაროს დიად ინსპექტორად“ დაინიშნა. მან 25 საფეხურიანი წესდებით მომუშავე  „სრულყოფლების ორდენი“ ჩამოაყალიბა სან – დომინგოზე და სწორედ კარიბის ზღვის ამ კუნძულიდან გავრცელდა შოტლანდიური წესდების რიტუალები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე და შემდგომ, მთელს მსოფლიოში. 1765 წელს ორდენი დაფუძნდა ნიუ იორკში, ხოლო 1783 წელს ჩარლსტონში, ჩრდ. ქეროლაინაში. სწორედ ჩარლსტონში, ვითარდება შოტლანდიური წესდება (Rite) და ყალიბდება როგორც სტრუქტურა. 1801 წელს „სრულყოფილების ორდენი“ იცვლის სახელწოდებასა და სტრუქტურას, როდესაც ჩარლსტონში ჩამოდიან მეფე ფრედერიკ დიდის წარგზავნილები – ფრედერიკ დალკო და ჯონ მიტჩელი. მათ ჩამოიტანეს ორდენის ახალი წესდება, რომელშიც დამატებით 8 საფეხური იყო გათვალისწინებული და სახელწოდება იყო შეცვლილი – ორდენს „უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება“ ეწოდა. მის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ, როგორც ინგლისელი ასევე ფრანგი მასონები.

1801 წლის 31 მაისს, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სუვერენულ ინსპექტორთა ოცდა მეცამეტე და ბოლო ხარისხის მასონთა უმაღლესი საბჭო დაარსდა („სამხრეთ იურისდიქცია“). ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შოტლანდიური წესდება აქტიურად მხოლოდ სამხრეთ შტატებში ვითარდებოდა, ჩრდილოეთით კი ბრიტანული იორკული წესდება დომინირებდა. ასეთი სუსტი პოზიციები  აშშ-ის სამოქალაქო ომის დასრულებამდე შენარჩუნდა, მხოლოდ 1867 წელს, შოტლანდიური წესდება გაძლიერდა აშშ-ის ჩრდილოეთშიც, როდესაც „ჩრდილოეთის მასონური იურისდიქცია“ დაფუძნდა.

1802 წელს აშშ-ს სამხრეთ იურისდიქცია გასცემს პატენტს, რომელიც საფრანგეთში ჩადის და გადაეცემა ფრანგ მასონებს. ასე, საფრანგეთიდან წასული შოტლანდიური უძველესი რიტუალები, უკან დაბრუნდა ისევ საფრანგეთში, ახალი სისტემის, წესდების სახით. 1804 წელს მსოფლიოში მეორე, ხოლო ევროპაში პირველი – საფრანგეთის უმაღლესი საბჭო ფუძნდება.

უძველესი და მიღებული  შოტლანდიური წესდების დევიზია „Ordo ab Chao“ – “წესრიგი ქაოსის მიღმა“ ან „წესრიგი ქაოსიდან“. ეს დევიზი საუკეთესოდ ასახავს ორდენის არსს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც მასონობა იყო უდიდესი ღირსება, პატივი და ამასთან, ორდენი აძლევდა მის წევრებს საშუალებას, მიეღოთ დამატებითი ცოდნა. ეს დევიზი პირველად სწორედ 1802 წელს გაცემულ პატენტში გამოჩნდა.

საფრანგეთიდან „უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების“ უმაღლესი ხარისხები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, უმაღლესი საბჭოები ფუძნდება ნიდერლანდებში, იტალიაში, სკანდინავიაში, ა.შ. აქვე, მსურს დავძინო, რომ შოტლანდიური წესდების პირველი სამი საფეხური სიმბოლური მასონობის ნაწილია. შეგირდის, თანამოძმისა და ოსტატის ხარისხები, შედის დიადი ლოჟის სუვერენულ იურისდიქციაში, ხოლო მეოთხე და ზედა ხარისხები, შედის უმაღლესი საბჭოს სუვერენულ იურისდიქციაში. ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთის იურისდიქციაში არ ერევა და მათ შორის ჰარმონიული ძმური ურთიერთობები და თანამშრომლობაა. თავისთავად, ძმა მასონი უნდა იყოს აყვანილი ოსტატის (3 ხარისხი), იმისათვის, რომ იგი (სურვილის და მიწვევის შემთხვევაში) განვითარება წესდების უმაღლეს ხარისხებში. თუ დიად ლოჟას ხელმძღვანელობს დიადი ოსტატი და ოფიცერთა საბჭო, უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობს დიადი კომანდორი და ოფიცერთა შემადგენლობა.

აქვე მოკლედ მოგახსენებთ 4-33 ხარისხების სისტემის სტრუქტურის შესახებ: უძველეს და მიღებული შოტლანდიურ წესდებაში, ზედა ხარისხების სისტემაში, შედის რამდენიმე სტრუქტურა – ლოჟა, მათ შორის:

სრულყოფილების ლოჟა: მეოთხე – მეთოთხმეტე ხარისხები, რომელზეც მუშაობა სოლომონის ტაძრის, დაკარგული სიტყვის და ღმერთის უთქმელ სახელთან დაკავშირებულ რიტუალებზეა დაფუძნებული.

როზენკროიცერული ხარისხი ანუ კაპიტული : მეთხუთმეტე – მეთვრამეტე ხარისხები.

კადოშის საბჭო ანუ არეოპაგი: მეცხრამეტე – ოცდამეათე ხარისხები, მუშაობა ტაძრელთა ფილოსოფიურ სიმბოლიკასთან არის დაკავშირებული. კადოში ებრაული სიტყვაა და წმინდას ნიშნავს.

სამეფო საიდუმლოს უფლისწულთა კონსისტორია და ტრიბუნალი: ოცდა მეთერთმეტე და ოცდამეთორმეტე ხარისხები. უმაღლესი საბჭო – ოცდა მეცამეტე და ბოლო ხარისხი.

სამწუხაროდ, პოლიტიკური მიზეზების და გამო (მეფე იაკობი და იაკობინელები) ინგლისმა და მისმა კოლონიებმა წესდების წარმოშობის ფესვების „მივიწყება“ გადაწყვიტა, ამიტომ, ინგლისში ამ წესდებას მხოლოდ „უძველესი და მიღებული წესდება“ ეწოდება. ასევე, ძველი რიტუალები თითქმის უცვლელად მხოლოდ საფრანგეთში (საფრანგეთის უმაღლესი საბჭო – Suprême Conseil de France) და მისგან გაცემულ პატენტიან იურისდიქციებში შემორჩა, აშშ-სა და ინგლისურ კოლონიებში რიტუალებმა სახე იცვალეს. განახლებულ რიტუალთა ყველაზე ცნობილ ავტორად ალბერტ პაიკი ითვლება. 1862-1868 წლებში, დევნილი, როგორც კონფედერატების აგრეთვე იუნიონისტების მიერ, ოჯახის და კაპიტალის გარეშე დარჩენილი, ალბერტ პაიკი მიდის ოზარკის მთებში, სადაც ის, მთელი ეს პერიოდი, ცხოვრობს მარტო, სწავლობს ჰერმეტიკას, ალქიმიას, კაბალას, აღმოსავლურ ხელნაწერებს და ფილოსოფიას. ამავე პერიოდში იგი ამუშავებდა შოტლანდიური წესდების რიტუალებს, დასავლური ეზოთერიკული ტრადიციების კვალდაკვალ. მუშაობის დასრულების შემდგომ, იგი მიემგზავრება ქ. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი და გადასცემს მის ნაშრომებს შოტლანდიური წესის ჩრდილოეთ იურისდიქციის უმაღლესს საბჭოს. ა.პაიკი ვაშინგტონში 1891 წელს გარდაიცვალა. პაიკის კვლევების შედეგებს და დასკვნებს  ბევრი მასონური იურისდიქცია არ ეთანხმება.

რაც ეხება შოტლანდიურ წესდებას და საქართველოს. საქართველოს ტერიტორიაზე არა მხოლოდ დამოუკიდებელი და სუვერენული უმაღლესი საბჭო არ არსებობდა, არამედ არც მისი სტრუქტურული ერთეულები იყო. ქართველი მასონები იყვნენ სხვა ქვეყნებში, სხვადასხვა იურისდიქციების უმაღლესი საბჭოს წევრები, მაგ. კარლო ჩხეიძე და ნოე ჟორდანია. საფრანგეთში ემიგრაციის შემდგომ, ისინი შეუერთდნენ ადგილობრივ სტრუქტურებს. საფრანგეთში, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების (AASR და ფრანგულად REAA) ტრადიციებისა და წესების დამცველი ერთადერთი ჭეშმარიტი სტრუქტურა – საფრანგეთის უმაღლესი საბჭოა. სწორედ საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს დიადი კომანდორისა და ოფიცერთა (ე.წ. 33-თა საბჭოს წევრთა) 2018 წლის გადაწყვეტილებით დაიწყო ქართველი ძმების მიღება წესდების უმაღლეს ხარისხებში, საქართველოს ტერიტორიაზე, ქ. თბილისში. ეს არის პირველი ნაბიჯები 4-33 ხარისხების მიღების საქართველოში. საქართველოს ტერიტორიაზე უკვე დაფუძნდა სრულყოფილების ლოჟა „პრომეთე“ P245, საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს საფარველ ქვეშ, ხოლო შემდგომში იგეგმება კაპიტულის, არეოპაგის და დამოუკიდებელი და სუვერენული უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების (ოცდამეცამეტე და ბოლო ხარისხის სუვერენულ ინსპექტორთა) საქართველოს უმაღლესი საბჭოს დაფუძნება.

მოხარული ვარ, რომ პატივი მხვდა წილად პირველი ქართული სრულყოფილების ლოჟის ხელმძღვანელობა (ლოჟის სამგზის ძლევამოსილი ოსტატი), „პრომეთე“-ს ძმების და საფრანგეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე, რამდენიმე წელიწადში, რაც საკმაოდ გონივრული ვადაა, დაფუძნდება საქართველოს ისტორიაში პირველად საქართველოს უმაღლესი საბჭო, რომელიც ღირსეულად იქნება წარმოდგენილი მსოფლიო უმაღლეს საბჭოთა კონფედერაციაში და დაესწრება ისტორიულ მსოფლიო კრებას, რომელიც 2025 წელს არის დაგეგმილი. უმაღლესი ხარისხების მიღება საქართველოში დაშვებულია მხოლოდ საქართველოს დიადი ლოჟის იურისდიქციაში შემავალი სიმბოლური ლოჟების ოსტატებისთვის, ლოჟის წარდგინებით და/ან უმაღლესი საბჭოს მიწვევით. მალე ამუშავდება ვებ გვერდი – www.scottishrite.ge

მადლობა ყველა ქართველ და ფრანგ ძმას, ვინც აქტიურად იყო ჩართული საქართველოში უმაღლესი ხარისხების შემოტანის და მომავალში საქართველოს უმაღლესი საბჭოს დაფუძნების საქმეში. ვდებთ პირობას, რომ სიკვდილამდე ვიქნებით ერთგული ყველა იმ ვალდებულებებისა, რომლებიც აღებული გვაქვს კაცობრიობის წინაშე, ჩვენი სახელმწიფოს და სამშობლოს მიმართ, ჩვენი ღირსეული ლოჟის წინაშე, ჩვენი ოჯახების წინაშე, ჩვენი ძმების მიმართ, ჩვენი თანამოქალაქეების, მეგობრების და მოყვასთა მიმართ, და მათ არასდროს არ ვუმტყუნებთ და ვუღალატებთ, იძულების, უბედურების, ნებისმიერი საშიშროების თუ დევნის შემთხვევაშიც კი.       დაე იყოს ასე, დაე იყოს ასე, დაე იყოს ასე!

 

სტატიის ავტორი: სრულყოფილების ლოჟა “პრომეთე” პ245 სამგზის ძლევამოსილი ოსტატი